ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” შეწყალების კომისიის გაფართოებას მიესალმება

19 აპრილი, 2018 • 1450
“ევროპული საქართველო” შეწყალების კომისიის გაფართოებას მიესალმება

“ევროპული საქართველოს” განცხადებით, მიესალმება პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყალების საქმეებში მეტი სპეციფიკური და კვალიფიციური ადამიანი და არასამთავრობო სექტორის ჩაერთოს: 

“ევროპული საქართველო მიესალმება პრეზიდენტის ნაბიჯს, რომელიც მიმართულია, რომ მომავალში დაზღვეული იყოს ამგვარი გადაწყვეტილებებისგან, რომელიც მანამდე მიიღო. თუ ამ სინანულს და შეცდომებს ის გრძნობს და აღიარებს, მაშინ რატომ გვესხმოდა თავს, ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენ სწორედ მისი ეს ნაბიჯები შევაფასეთ,’’- ამბობს ოთო კახიძე. 

გუშინ, 18 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაიზარდოს შეწყალების მექანიზმის გენდერული მიმართულებით სტანდარტი  და  კომისიის შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს. ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული პრეზიდენტის მიერ აღმოჩნდა შეწყალებული. აღნიშნული პირის შეწყალების საკითხი ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი, ბინძური კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ოთარ კახიძემ მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტი მანიაკ მოძალადეებთან და ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში იყენებს შეწყალების პრეროგატივას:

“როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის სხვა გარემოებები უფრო მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს ნეპოტისტური თუ რაიმე სხვა ინიციატივები, ვინაიდან ლოგიკას ჩვენ, „ევროპული საქართველო“, მის ამ ნაბიჯში ვერ ვხედავთ”,- რუსთავი 2-ის ინფორმაციით, განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვეფხია ბაქრაძის შეწყალების ფაქტი „ნაციონალური მოძრაობაშიც” გააკრიტიკეს. რ2-ის ცნობით, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ იყენებს შეწყალების უფლებას იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს პოლიტიკურ რეპრესიებს, სამაგიეროდ კი, ქუჩაში უშვებს მოძალადეებს.

პრეზიდენტის და შეწყალების კომისიის არგუმენტები ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე იხილეთ  ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი