ახალი ამბებისაზოგადოება

ოჯახში მოძალადეების ნაწილს ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ – შსს

19 აპრილი, 2018 • 4109
ოჯახში მოძალადეების ნაწილს ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ ოჯახში ძალადობის მაღალი რისკის შემცველ პირებს სამაჯური გაუკეთონ, რომლითაც პოლიცია მათ დისტანციურად გააკონტროლებს.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორდაიამ “პალიტრა ნიუსის” გადაცემაში “”360 გრადუსი” განაცხადა, რომ შსს, მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ელექტრონული სამაჯურების დანერგვის საკითხზე მუშაობს.

“ელექტრონული სამაჯურს გავცემთ იმ მოძალადეებზე, რომლებიც წარმოადგენენ მაღალი რისკის შემცველს, და იქ, სადაც სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე არსებობს. ყველას მიმართ ეს არ იქნება გამოყენებული. ამის შეფასება მოხდება რისკის შეფასების ინსტრუმენტით, რომლის დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე შემდეგი თვიდან გეგმავს. რისკის შეფასების ინსტრუმენტი არის კითხვების, საკითხების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გაარკვიოს გამომძიებელმა კონფლიქტის ადგილზე და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე მან რისკი უნდა შეაფასოს, ხვალ და ზეგ რა არის მოსალოდნელი ამ მოძალადისგან: არის ის მაღალი, საშუალო თუ დაბალი საშიშროების შემცველი. სამაჯურის გამოყენების საკითხიც ამ რისკის შეფასების დონეზე იქნება დამოკიდებული”.

ლონდა თოლორდაიას თქმით, ელექტრონული სამაჯურების სისტემის დანერგვას 2018 წლის ბოლოს აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი