ახალი ამბები

აგარიდან თბილისამდე მსვლელობის მონაწილე ცუდად გახდა

19 აპრილი, 2018 • 1545
აგარიდან თბილისამდე მსვლელობის მონაწილე ცუდად გახდა

აგარიდან თბილისამდე მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა. როგორც გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, აგარის შაქრის თანამშრომლების მსვლელობისას სასწრაფო დახმარების გამოძახება მეორედ გახდა საჭირო.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მიუხედავად აქციების მონაწილეთა თხოვნისა, კაცი, რომელიც ცუდად გახდა, შინ დაბრუნებაზე უარს ამბობს და მსვლელობას აგრძელებს. მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა.

დიასამიძის თქმით, სასწრაფო დახმარების გამოძახება მსვლელობის მონაწილეებს გუშინაც დასჭირდათ, რადგან მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე გრძნობდა თავს შეუძლოდ.

მსვლელობა ამ წუთებში ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ნადარბაზევს გამოსცდა და თბილისისკენ გადაადგილდება, სადაც მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. 

“აგარის შაქრის” თანამშრომლები აპირებენ, საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართონ. ისინი აგარიდან თბილისამდე მსვლელობით მოემართებიან. მსვლელობის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ აგარის მაცხოვრებლების პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები გადადგას.

მსვლელობა გუშინ, 18 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია.

“აგარის შაქარის კომპანია” რამდენიმე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს. ქარხნის გაჩერების გამო, ქარხნის მუშებმა არაერთი აქცია გამართეს.

 

ამავე თემაზე: აამუშავე აგარა! – საპროტესტო მსვლელობა აგარიდან თბილისისკენ [ფოტო]

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი