ახალი ამბებირეკლამა

უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა გაღრმავდება

19 აპრილი, 2018 • 1710
უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვს  შეხვდა, რომლებმაც ორი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლების სისტემისა და მეცნიერების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან ამ  მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლეს განათლებაში არსებულ გამოწვევებზე და ქართულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. კერძოდ, სურვილი გამოითქვა რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების კუთხით.

შეხვედრის ბოლოს აზერბაიჯანელმა კოლეგამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და  მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.

მიხეილ ჩხენკელისა და  ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვის  შეხვედრას საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი,  უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტი კახა შენგელია ესრებოდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან  ერთად, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს. შეხვედრის თემაა „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი