ოფიციალური ცნობით, ფულის სანაცვლოდ აფხაზეთში სამ ტონამდე ფაროსანა შეაგროვეს

აფხაზეთში მცენარეთა კარანტინის საკითხში ინსპექციის ხელმძღვანელის, არკადი ჯინჯოლიას განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან მექანიკურ ბრძოლას დადებითი შედეგები მოაქვს. ოფიციალური ინფორმაციით, მექანიკური მეთოდით, მოსახლეობამ სამ ტონამდე მავნებელი შეაგროვა, რამაც აფხაზური მხარის ცნობით, შეამცირა აღნიშნული მავნებლის პოპულაცია. ამის შესახებ არკადი ჯინჯოლია რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო გამოცემა სპუნტიკ-აფხაზიას ესაუბრა.

“მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, განსაკუთრებით გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში. ამ ორ თვეში დაახლოებით ორი ტონა ფაროსანა შეაგროვეს. ამისთვის ფული რუსეთმა გადაიხადა. დღეს კიდევ მიმდინარეობს მექანიკური შეგროვება, ბოლო ეტაპზე 600-700 კილოგრამია შეგროვებული. ამისთვის მოსახლეობას ფულს აფხაზეთის მთავრობა გადაუხდის. როგორც კი შესაბამისი ამინდი გამოვა, დაიწყება ტერიტორიების ქიმიური დამუშავება, რაც უფრო მეტ შედეგს მოგვცემს”, – აცხადებს ჯინჯოლია.

აზიურ ფარონასთან დაკავშირებით 2018 მარტიდან აფხაზეთში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. აზიური ფაროსანას რუსეთში გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსკოვმა აფხაზური პროდუქციის გაურკვეველი დროით იმპორტი აკრძალა, თუმცა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის მიმართ აფხაზეთში უკმაყოფილება გამოიწვია და მოსკოვი იძულებული გახდა, აფხაზური პროდუქცია კვლავ დაეშვა რუსეთის ბაზარზე, თუმცა, კონტროლის მექანიზმებით.

აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო საკითხების სხდომაზე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად მოსახლეობას შესთავაზეს ხოჭოს შეგროვება და ფულის სანაცვლოდ ჩაბარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი