ტოიოტა პრიუსი საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია – სტატისტიკა

ნეტგაზეთის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცით, საქართველოში 2010 წლიდან დღემდე 18 888 ტოიოტა პრიუსი ჩამოიყვანეს. დინამიკას თუ დავაკვირდებით, ამ ავტომობილზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს. 2017 წელს საქართველოში 10 640 პრიუსი (Toyota prius) შემოვიდა, ხოლო ეს რიცხვი რამდენჯერმე აღემატება სხვა მოთხოვნად ავტომობილებს.

რატომ ტოიოტა პრიუსი?

რამ გამოიწვია პრიუსის დომინირება?

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი ტოიოტა პრიუსზე საქართველოში მოთხოვნის ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მისი თქმით, ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟება კომფორტული და იაფია. გარდა ამისა, როგორც მესხიშვილი ამბობს, ჰიბრიდული ავტომობილი იაფი გადაადგილების საშუალებაა.

“ტოიოტა პრიუსი არ არის ძვირადღირებული მანქანა. ამას ემატება კიდევ ორი მიზეზი, რის გამოც ყიდულობენ პრიუსს: ადამიანები სახლიდან სამსახურში ვერ გადაადგილდებიან იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განუვითარებელია. ტოიოტა პრიუსს ტაქსის ან რომელიმე სხვა სერვისის განსახორციელებლად ყიდულობენ ხშირად. განსაკუთრებით, თუ დააკვირდებით, ტაქსის კომპანიებშია ეს მოდელი დღეს ძალიან პოპულარული, როგორც ეკონომიური სატრანსპორტო საშუალება,” – ამბობს დავით მესხიშვილი.

სპეციალისტის თქმით, სხვა ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟებაც იაფია, თუმცა ფასი – ნაკლებად. მისი თქმით, ჰიბრიდების სხვა მოდელები უფრო ძვირია, ვიდრე ტოიოტა პრიუსი. შესაბამისად, მისი თქმით, ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს პრიუსის დომინირებას ქართულ ბაზარზე.

როგორ შეცვალა ტოიოტა პრიუსმა ოპელი

დავით მესხიშვილის თქმით, ტოიოტა პრიუსის პირველი ტალღის შემოდინებამ გამოიწვია ის, რომ ამ მოდელის ავტონაწილებით გაჯერებულია დღეს ბაზარი, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვვანი დეტალია პრიუსის დომინირების. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გამოვა მწყობრიდან, პრიუსის ნაწილების შეძენა ძალიან ადვილია.

“როგორც ოპელის ბუმი იყო საქართველოში, ზუსტად იგივე სურათია ახლა ტოიოტა პრიუსის შემთხვევაში. ძალიან იაფი იყო ოპელის ავტონაწილებიც (დაშლილები და მეორადები), რადგან ამ მწარმოებლის ბევრი ავტომობილი მოძრაობდა ქვეყანაში. ასევე, იაფიანი სატრანსპორტო საშუალება იყო.

დავით მესხიშვილი

ოპელთან პარალელის გავლება შეიძლება, თუმცა ტოიოტას ერთი დიდი პლუსი აქვს – მას გაცილებით ნაკლები საწვავი სჭირდება. ტოიოტა პრიუსი სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით სუფთაა ეკოლოგიურად. ამ ფაქტორების გამო პრიუსი ყველანაირად მისაღები აღმოჩნდა ქართველი მომხმარებლისთვს.

ჩვენ ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებთ: საწვავზე ეკონომია გვაქვს, განბაჟებაზე ეკონომია გვაქვს, ხოლო ავტონაწილები იაფია; გარდა ამისა, ტოიოტა ბრენდია. ამ ყველაფერმა განაპირობა ამ მოდელის დომინირება,” – ამბობს დავით მესხიშვილი.

რამდენი ხანი გაგრძელდება ტოიოტა პრიუსის დომინირება?

დავით მესხიშვილის თქმით, გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ მაშინ, როდესაც ავტომობილების მწარმოებელი სხვა კომპანიები ტოიოტა პრიუსის მსგავსი მოდელის შეთავაზებას შეძლებენ ქართული ბაზრისთვის მისაღებ ფასად:

“არსებობს პრიუსის მსგავსი ჰიბრიდები, მაგრამ ძვირია, ხოლო მათი ნაწილები საქართველოში არ არის ან არის, მაგრამ მცირე ოდენობით მოიპოვება. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია; ვიღაცას შეუძლია უფრო კარგი მოდელი უფრო კარგ ფასში შესთავაზოს ჩვენს მძღოლებს და მასზე გააკეთებენ აქცენტს. ჯერჯერობით უალტერნატივო ლიდერია ტოიოტა პრიუსი, მაგრამ როგორც კი ბაზარზე გამოჩნდება სხვა ალტერნატივა, ამ მოდელის ბუმი განელდება”.

მისი თქმით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 5 წლის შემდეგ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების ჩანაცვლება ელექტრომობილებით დაიწყება.

როგორც დავით მესხიშვილი ამბობს, ელექტრომობილების მინუსი ამ ეტაპზე არის ის, რომ უფრო ძვირადღირებულია. თუმცა, მისი თქმით, გარდაუვალია, რომ მომავალი ეკუთვნის ჰიბრიდებს, ხოლო მათ შემდეგ- ელექტრომობილებს.

ტოიოტა პრიუსის ისტორია

ტოიოტა პრიუსებს 1997 წლიდან აწარმოებს. პირველი თაობის პრიუსი აღჭურვილი იყო სრული ჰიბრიდული სისტემით. მისი წარმოება 2004 წლამდე გაგრძელდა. 2004 წლიდან ტოიოტამ მეორე თაობის პრიუსი გამოუშვა, რომელსაც კომპანიის განცხადებით, გაუმჯობესებული ჰიბრიდული სისტემა გააჩნდა. რაც შეეხება ძრავს, მოცულობა დარჩა იგივე: 1.5. 2010-2015 წლებში ტოიოტამ მესამე თაობის პრიუსი გამოუშვა, ხოლო 2016 წლიდან კომპანია მეოთხე თაობის პრიუსებს აწარმოებს. მესამე და მეოთხე თაობის პრიუსების ძრავის მოცულობა 1.8-მდე გაიზარდა.

2018 წლის იანვარში ტოიოტა სკანდალში გაეხვა. USA TODAY-ის ინფორმაციით, კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 645 000 ავტომობილი უკან გაიწვია, რადგან ავტომობილებს უსაფრთხოების ბალიშები არ ეხსნებოდათ. მათ შორის იყო პრიუსი, Lexus RX და NX SUVs-ი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.