ახალი ამბები

“დეპორტირებული ხართ” – უცხოელი წყვილი თბილისის აეროპორტში დისკრიმინაციაზე საუბრობს

19 აპრილი, 2018 • 18540
“დეპორტირებული ხართ” – უცხოელი წყვილი თბილისის აეროპორტში დისკრიმინაციაზე საუბრობს

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (მაგრამ არა მაშინ, როცა ფერადკანიანი ხარ)” – ასე ასათაურებს თავის ბლოგ პოსტს აჰსან ჰაბიბ გალიბი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ცოლთან ერთად ქვეყნის დასათვალიერებლად ლატვიიდან ჩამოვიდა, თუმცა ვიზიტი ხანმოკლე აღმოჩნდა და აეროპორტის ფარგლებს არ გასცდენია.

მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათით შეაყოვნეს, შემდეგ კი დეპორტით უკან, ლატვიაში გაგზავნეს. აჰსანი მომხდარს თავის წარმომავლობას უკავშირებს.

აჰსან ჰაბიბ გალიბი გვიყვება, რომ წარმოშობით ბანგლადეშიდანაა. ცოლი ლატვიელი ჰყავს, მასთან ერთად რიგაში ცხოვრობს და ცხოვრების შესაბამისი ნებართვაც აქვს. ის და მისი ცოლი, საბინე პუსტე თბილისში 9 აპრილს, გამთენიისას ჩამოვიდნენ. როგორც შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნის მცხოვრებთ, საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა არ სჭირდებოდათ. ამბობს, რომ გაამზადა ყველა დოკუმენტი, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობის დროსაა საჭირო: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, საცხოვრებლის საფასურის ჩეკი, მოგზაურობის მარშრუტი, ფული, ლატვიაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ნებართვა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 90 დღით დარჩენის ნებართვა ჰქონდა.

თუმცა ამბობს, რომ თბილისის აეროპორტის საიმიგრაციო განყოფილება დოკუმენტებმა არ დააკმაყოფილა:

“როცა ჩამოვედით და საიმიგრაციო განყოფილებასთან მივედით, ჩემი ცოლი ყოველგვარი შეკითხვის გარეშე გაატარეს. ვუთხარი, ბარიერის მეორე მხარეს დამლოდებოდ. თუმცა, როცა ჩემგან მარჯვნივ გავიხედე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. დავინახე ბევრი ფერადკანიანი ადამიანი, რომლებიც ძალიან დაღლილი სახეებით იცდიდნენ ცარიელ ჯიხურთან [საიმიგრაციო განყოფილებასთან]”.

როგორც ასჰანი ყვება, როცა რიგში მდგომნი შეყოვნების მიზეზებზე ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ, აეროპორტის თანამშრომლების პასუხი ერთი იყო: “დაიცადეთ კუთხეში”. მისი თქმით, ეს პასუხი მოისმინა საიმიგრაციო ოფიცრის მიერ მისი დაკითხვის შემდეგაც, რომელმაც აჰსანს საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსა და სხვა დეტალებზე ჰკითხა. მისი თქმით, დაკითხვის შემდეგ ცოლს დაურეკა და დაგვიანების შესახებ აუწყა.

ასჰანის მონათხრობის მიხედვით, დაახლოებით 20 წუთში, პოლიციის ოფიცერმა ოთახში შეიყვანა, სადაც ხელბარგი გაუჩხრიკა, მისი კუთვნილი დოკუმენტები, რომელიც მანამდე ჩამოართვეს, კოლეგას გადასცა და იქაურობა დატოვა. ცოტა ხანში აეროპორტის თანამშრომელმა თვითმფრინავისკენ მიმავალ ავტობუსამდე მიაცილა, კითხვის საპასუხოდ კი, თუ რა ხდებოდა, მიუგო: “რა თქმა უნდა, დეპორტირებული ხართ”.

შემდგომ მომხდარს აჰსანი “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღწერს:

“ყველა დოკუმენტი ჩემთან იყო, ჩემს ცოლს მხოლოდ თავისი პასპორტი ჰქონდა. დეპორტირებისას ამის შესახებ ყველას [აეროპორტის თანამშრომლებს] ვუამბე, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ მას [ცოლს] არანაირი დოკუმენტი არ სჭირდებოდა; რომ შეეძლო, ფრენა გადაეცვალა და შემდეგი რეისით გამომგზავრებულიყო. ეს იყო აღდგომის არდადეგების პერიოდი საქართველოში. როცა რიგაში ჩავედი და გადავამოწმე, ვნახე, რომ უახლოეს მომავალში რეისი არ ფიქსირდებოდა [Air Baltic-ზე, რომლითაც წყვილმა რიგიდან თბილისში იმგზავრა]. შესაბამისად, ჩემს ცოლს ფრენის გადაცვლის საშუალება ვერ ექნებოდა”.

აჰსანი და საბინე

აჰსანის ამბობს, რომ მისი მეუღლე საბინე პუსტე, რომელიც ყოველგვარი სამოგზაურო დოკუმენტაციის გარეშე დარჩა (პასპორტის გარდა), თბილისში მცხოვრებმა ნინო მაღრაძემ შეიფარა. როგორც ნინო “ნეტგაზეთს” უყვება, აღელვებული ქალი მაშინ შენიშნა, როცა აეროპორტის გარეთ ტაქსის მძღოლებს ესაუბრებოდა. როგორც გაარკვია, საბინესა და მის ქმარს თბილისში ბინა ჰქონდათ დაჯავშნილი, თუმცა, ვინაიდან ჯავშანიც აჰსანმა გაიყოლა და თავად მისამართი არ იცოდა, ქალს დასარჩენი არსად ჰქონდა.

 “…მომიყვა, მასპინძლები აეროპორტთან უნდა დაგვხვედროდნენ და ალბათ დაგვხვდნენ კიდეც, თუმცა გვიან რომ გამოვედი, სავარაუდოდ, წავიდნენო. მითხრა, რომ არ ჰქონდა არც მისამართი და არც ქეში. ამიტომ წავიყვანე სახლში, რომ სანამ ქმარი ჩავიდოდა ლატვიაში, დაურეკავდა და ეტყოდა, სად მისულიყო, მანამდე რომ ქუჩაში არ დარჩენილიყო. მერე დაგვიკავშირდა მისი მეუღლე, უთხრა, სად იყო დაჯავშნილი ბინა და მივიყვანე ადგილზე”, – უთხრა ნინო მაღრაძემ “ნეტგაზეთს”.

ამჟამად აჰსან ჰაბიბ გალიბიც და მისი ცოლიც რიგაში იმყოფებიან. საბინე პუსტე ლატვიაში 10 აპრილს, მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ქმარმა რიგიდან სხვა ავიაკომპანიის რეისი დაუჯავშნა, როგორც თავად აღნიშნავს, არაპირდაპირი და მანამდე ნაყიდზე გაცილებით ძვირი.

აჰსანის ცოლმა თბილისში მომხდარის შესახებ ლატვიაში საქართველოს საელჩოს წერილობით უკვე მიმართა. ვრცელ წერილში საბინე პუსტე ინციდენტს აღწერს და მომხდარს ქმრის წარმომავლობას უკავშირებს.

“შოკში ვარ და არ მჯერა იმის, რაც გადამხდა. არა მარტო მორალურად და ფინანსურად გვაზარალეს, არამედ შეილახა ჩემი, როგორც ადამიანის უფლებები.

აეროპორტის თანამშრომლები ცხოველივით მომექცნენ. დამტოვეს გარეთ, დაუცველი, პოტენციური საფრთხის ქვეშ. მაშინ, როცა ჩემსა და ჩემი ქმრის სტატუსს შორის არანაირი ფინანსური განსხვავება არ არის, არცერთს ჩაგვიდენია კრიმინალი, რაც შეიძლებოდა დეპორტის განმაპირობებელი ყოფილიყო, გვიჩნდება განცდა, რომ აეროპორტის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, დაარღვიეს საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობა; რომ ჩემი ქმარი გახდა რასობრივი თავდასხმის მსხვერპლი, რადგან ეს [რასა] ჩვენს შორის ერთადერთი განმასხვავებელია”, – წერს საბინე.

აღნიშნულზე აჰსანიც საუბრობს და აცხადებს, რომ პროცედურები ესმის, თუმცა ეჭვს მისი დეპორტირების მოტივი იწვევს.

“აბსოლუტურად მესმის, რომ საზღვრის დაცვის სამსახურს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის უფლება აქვს. მიუხედავად ამისა, მე და საბინე ერთნაირი დოკუმენტებით ვმგზავრობდით, განსხვავება ჩვენს შორის მხოლოდ წარმომავლობა იყო. არავინ უნდა გახდეს უსამართლობის მსხვერპლი, განურჩევლად სამშობლოსი, წარმომავლობისა და რასისა”, – უთხრა აჰსანმა “ნეტგაზეთს”.

შსს-მ გვითხრა, რომ საქართველოში შემოსვლის პროცედურებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი არეგულირებს.  მუხლი იმ მიზეზებს განმარტავს, რატომაც შეიძლება პირს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვას.

კითხვით, რა შეიძლებოდა გამხდარიყო აჰსან ჰაბიბ გალიბის დეპორტაციის მიზეზი, “ნეტგაზეთმა” შსს-ს მიმართა. უწყებამ ზემოაღნიშნული მუხლის ი ქვეპუნქტზე მიგვითითა. ქვეპუნქტი ამბობს, რომ საქართველოს ვიზის გაცემის, ან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები”. რომელი “სხვა მიზეზით” ეთქვა უარი ჰაბიბ გალიბს ქვეყანაში შემოსვლაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი