ახალი ამბები

რატომ უნდა დაინგრეს 109-ე ბაგა-ბაღი – სამხარაულის ბიუროს დასკვნა

18 აპრილი, 2018 • 3067
რატომ უნდა დაინგრეს 109-ე ბაგა-ბაღი – სამხარაულის ბიუროს დასკვნა

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ისნის კომპლექსში გააგრძელებენ სწავლას. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განუცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, ისნის კომპლექსში საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულების დაქირავების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. უწყებისვე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მათ იმიტომ მიიღეს, რომ მშობლების ნაწილმა ბავშვების სხვადასხვა ბაღებში გადანაწილების გამო პროტესტი გამოთქვა.

როგორც კახა გვანცელაძემ გვითხრა, აღსაზრდელებთან ერთად, ბაღის აღმზრდელებიც ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას შენობის ავარიულობის შესახებ, სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს:

ჩვენ გუშინ მივიღეთ დასვკნა, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც თარიღად 17 აპრილია მითითებული. 4 საათზე , დაახლოებით 5-ის წუთებზე, დასკვნა ბიუროდან გამოვიტანეთ და მყისიერად გავაცანით როგორც ბაღის ადმინისტრაციას, ასევე მშობლებს. დაახლოებით 5 საათზე მე და ჩვენი თანამშრომლები უკვე ბაღში ვიყავით. არასწორია ინფორმაცია, თითქოს დასკვნა 1 თვის წინ გვქონდა”.

მისივე თქმით, სამხარაულის დასკვნის მიხედვით, შენობას სჭირდება არათუ გამაგრებითი სამუშაოები, არამედ ის უნდა დაინგრეს. კითხვაზე, თუ რატომ არის შენობა ახლა ავარიული, რომლის რეაბილიტაციაზეც 2015 წელს 325 ათასი ლარი დაიხარჯა, გვანცელაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ ახსნა არ არსებობს.

ბაგა-ბაღების სააგენტომ ნეტგაზეთს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც მიაწოდა. დოკუმენტში, რომელიც 16 აპრილითაა დათარიღებული, წერია:

“იმისათვის, რომ მოხდეს შენობის, როგორც საბავშვო ბაღის დაწესებულების უსაფრთხო ექსპლუატაცია, მისი გაძლიერების გარდა, საჭიროა მოხდეს მისი სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც დაკავშირებულია შენობის კონსტრუქციული სქემის ძირეულ ცვლილებებთან და ამისათვის საჭიროა მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, რაც აღნიშნული სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე, არარენტაბელურია”.

სამხარაულის ბიუროს დასვკნა 109-ე შენობის მდგრადობის შესახებ. ფოტო: ბაგა-ბაღების სააგენტო

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში დღეიდან აღსაზრდელებს აღარ უშვებენ. მიზეზად კი, მშობლების თქმით, ბაგა-ბაღების სააგენტო შენობის ავარიულობას ასახელებს. მშობლების თქმით, მათ ამ განმარტების არ სჯერათ და გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქცია გამართეს.

აღნიშნული ბაღის  დახურული ფლიგელის აღდგენისთვის მერიამ 2015 წლის 14 დეკემბერს 325 000  ლარი გამოყო. საზეიმო გახსნაზე თბილისის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ “საბავშვო ბაღი ყველა იმ აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს, რომელიც შესაბამი სტანდარტებით არის დადგენილი”.

109-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელების მშობლების პროტესტზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი