ახალი ამბები

ჭიჭინაძე: ვინც ვიყავით “ოცნების” სახეები 2012-ში, ისევ ავიღებთ ამ ინიციატივას

18 აპრილი, 2018 • 2295
ჭიჭინაძე: ვინც ვიყავით “ოცნების” სახეები 2012-ში, ისევ ავიღებთ ამ ინიციატივას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე  ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ 19 აპრილს უმრავლესობის სხდომაზე დააყენებს საკითხს, რომ პარტიაში იმ ჯგუფმა დაიბრუნოს უფლებები, რომელიც, მისი თქმით, 2012 წელს აქტიურობდა.

“ისინი თვლიან, რომ ვიღაც არღვევს წესრიგს და ვიღაცის მიმართ იქნება რაღაც სანქციები გათვალისწინებული. თუ ასეთი პირობა იქნება, პირდაპირ გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. ამ ადამიანების თავგასულობამ გამაკეთებინა ეს განცხადება. ვინც ვიყავით “ქართული ოცნების” სახეები 2012 წელს და ვინც დავდიოდით მოსახლეობაში და ვდებდით პირობას, რომ ეს ქვეყანა იქნებოდა წარმატებული, ისევ ავიღებთ ხელში ამ ინიციატივას. 2016 წელს მათ გარკვეულმა ჯგუფმა ეს ვალდებულება დააკისრა და დღეს ისინი ამას ვერ ასრულებენ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან საკითხი დადგება, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი უფლებები,” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 10 აპრილს გააკრიტიკა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით,  პარლამენტის თავმჯდომარე მათი უფროსი არაა და არ გამორიცხავს, მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგეს.

“პარლამენტის თავმჯდომარე, მე მგონი, არ არის ჩვენი უფროსი. ის არის ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით. ჩემთვის ძალიან მიუღებელი გახდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები. თუნდაც, იგივე ჩვენს კოლეგაზე, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს,”-აცხადებდა დეპუტატი.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე, 4 აპრილს, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევა დაასახელა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი