მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ საქართველოში სტუმრად ჩამოვლენ

წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ საქართველოში 23 ივნისს  ჩამოვლენ.

ცენტრის ცნობით, უელბეეკი ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველთან და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ერლენდ ლუ ვიზიტის ფარგლებში ესტუმრება მის ქართულ გამომცემლობას და შეხვედრას გამართავს მკითხველთან წიგნის მაღაზიაში „სანტა ესპერანსა“. 31 მაისს კი გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის  ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა.

მწერლების სტუმრობა ხორციელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

ერლენდ ლუ ნორვეგიაში ძალიან წარმატებული და აღიარებული მწერალია, მას და მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოშიც, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მისი ორი რომანი – „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“ აქვს გამოცემული. წიგნები ქართულ ენაზე ნორვეგიულიდან თამარ კვიჟინაძემ თარგმნა.

პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და NORLA-ს( ნორვეგიული ლიტერატურა საზღვარგარეთ) მხარდაჭერით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში წელს პირველად განხორციელდება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აპირებს, აღნიშნული პროექტი ტრადიციად აქციოს და ბაზრობის პროგრამაში ყოველწლიური ხასიათი მიაღებინოს.

ერლენდ ლუს და მიშელ უელბეკს თბილისში, დავით გარეჯსა და ყაზბეგში მასპინძლობას გაუწევს თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com