ახალი ამბები

ფიცი და წყევლა ხაიშიდან [VIDEO]

4 ნოემბერი, 2013 • • 2125
ფიცი და წყევლა ხაიშიდან [VIDEO]

სოფელ ხაიშის ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე პატარა სასურსათო მაღაზია და ჯიხურია. ერთ-ერთ ჯიხურზე გაკრულ ფურცელზე წერია: 

 

“ხუდონჰესის მშენებლობაზე დაინტერესებული კომპანია “ტრანს ელექტრიკა” ეძებს საოფისე ფართს სოფელ ხაიშში. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე საზოგადოება აფრთხილებს იმას, ვინც საოფისე ფართს მიაქირავებს კომპანიას, მოკვეთილი იქნება და წყეული წმინდა გიორგის ძალით და მადლით.”

 

დაახლოებით მსგავსი განწყობა აქვს სოფლის ყველა მოსახლეს. 

 

73 წლის ჟენია გელოვანი ამბობს, რომ 61 წელია ხაიშში ცხოვრობს და არანაირი თანხის საფასურად არ დათანხმდება სახლის დატოვებას. 

 

“მილიონიც რომ მომცენ, არ წავალ არსად,” -ამბობს ხაიშის მკვიდრი.

 

ადგილობრივი მოსახლეობა არც კი განიხილავს სოფლის დატოვების შესაძლო ვარიანტს. 

 

“არც კი მოსულა ვინმე დასალაპარაკებლად და ვერც მოვლენ, რაზე უნდა გველაპარაკონ?!”- აცხადებს გელა ჭკადუა, სოფლის მკვიდრი.

 

სოფლის ეკლესიასთან შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ რაც არ უნდა ისაუბროს ხუდონის ელექტროსადგურის ეკონომიკურ სარგებელზე, მათ ამის არ სჯერათ. 

 

კვირას, 3 ნოემბერს ხაიშში ხუდონჰესის მშენელობის საკითხზე ფიცი ამჯერად სვანეთის სხვა სოფლების მცხოვრებლებმა დადეს, რომლებიც ხაიშში ჩავიდნენ. თავად ხაიშელების უმეტესობას ფიცი რამდენიმე თვის წინ აქვთ დადებული. ფიცი ასეულობით ხელმოწერით დაადასტურეს:

 

“ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ–ღონესა და ჭკუა–გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, საფლავები, ხაიშის თემი და მასში შემავალები არ მოექცეს წყალქვეშ”,– ეს არის ნაწყვეტი ფიცის ტექსტიდან. 

 

ხაიშის 20-მდე მაცხოვრებლებმა მსგავსი ფიცი 2013 წლის სექტემბერშიც დადო, როდესაც ხუდონჰესის ჰიდროელქტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში საჯაროდ განიხილეს.

 

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კვირას ხაიშში საინიციატივო ჯგუფიც ჩავიდა. საინიციატივო ჯგუფში ნინო ჩხობაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, გიორგი ხევიაში, ლაშა ბრეგვაძე, მირონ ფირცხელანი და და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შედიან. 

 

ადგილობრივმა მოსახლეობამ სვანეთის თემის ჩამოსული მოსახლეობისთვის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ხარი დაკლა. ვახშამი ხაიშის საჯარო სკოლის ეზოშივე გაიმართა.

 

მანამდე ეკლესიის ეზოში, შესაწირით, ფიცის რიტუალი შედგა. 

 

სოფელი ხაიში
სოფელი ხაიში

მასალების გადაბეჭდვის წესი