ბახტაძის აზრით, გარკვეული აქტივების დალომბარდება უნდა აიკრძალოს

ფინანსთა მინისტრი მამაუკა ბახტაძე აცხადებს, რომ უნდა არსებობდეს აქტივების ჩამონათვალი, რომლის დალომბარდებაც აკრძალული იქნება. მინისტრი განმარტავს, რომ ეს მისი პირადი პოზიციია, თუმცა ამბობს, რომ მთავრობამ ლომბარდებთან დაკავშირებით გარკვეული წესები უნდა შეიმუშაოს.

” ვიცი, რომ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი შეკითხვებია დაგროვილი ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით. ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება მიიღონ უძრავი ქონება. მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ თურმე ადამიანი ლომბარდში თუ თავის სახლს გარანტის სახით მიიტანს და იქიდან ფულს აიღებს, ამით მას შესაძლებლობა ექნება ბიზნესი დაიწყოს.

თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! რომელს გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლიდან აღებული თანხა შეიძლება სასტარტო კაპიტალად იქნას გამოყენებული. ასეთი ტიპის ტრანსაქციები  სხვა ძალიან პრობლემურ საკითხებს ემსახურება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნაბიჯებია გადასადგამი. ცალსახად უნდა იყოს იმ აქტივების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდე საქმიანობაში. ჩემი აზრით, ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ უძრავ, არამედ მოძრავ ქონებასაც, მაგ. ავტომობილებს. ეს კონსულტაციის შედეგი უნდა იყოს.  ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პრობლემას, რომელიც დღეს დგას ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით, ობიექტური საფუძველი აქვს. შესაბამისად, ჩვენ  ახალი თამაშის წესები გვაქვს დასამკვიდრებელი,”-აცხადებს ფინანსთა მინისტრი Facebook Live ჩართვისას.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, ლომბარდების საქმიანობას ეროვნული ბანკი არ არეგულირებს. საგადასახო კოდექსით ლომბარდად ითვლება იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა გირავნობით უზრუნველყოფილი სესხების (კრედიტების) გაცემა და კალენდარული წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.