შეწყალების კომისიის შემადგენლობა, შესაძლოა, გენდერული მიმართულებით გაფართოვდეს

ოჯახში ძალადობის შეწყალების საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდენენ, რომ უნდა გაიზარდოს შეწყალების მექანიზმის გენდერული მიმართულებით სტანდარტი  და  კომისიის შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, ვინ იქნებიან კომისიის ახალი წევრები, ან რამდენი წევრით გაიზრდება კომისია. ანა ნაცვლიშვილმა განგვიცხადა, რომ კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა პრეზიდენტის დისკრეციაა და მას დამატებითი სამართლებრივი პროცედურები მთავრობისგან და პარლამენტისგან არ სჭირდება.

მეორე საკითხი ეხება გენდერული მიმართულებით შეწყალების მექანიზმის სტანდარტს. როგორც ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით პატიმრის შეწყალება უკიდურესად საგამონაკლისო შემთხვევებში ხდება, როცა პრეზიდენტი და შეწყალების კომისია არა იმდენად მსჯავრდებულისთვის, არამედ ოჯახის ინტერესებს უწევს ანგარიშს. კომისიამ დაინტერესბულ მხარეებთან ერთად იმსჯელა, რამდენად აქვს კომისიას ინსტრუმენტები იმის შესაფასებლად, რომ პატიმარმა თავისუფლება ოჯახის სიკეთეს მოახმაროს და არა პირიქით:

“აქ არის მთავარი გენდერული ინსტრუმენტების შემოღება, რომელიც მეტად დააზღვევს კომისიას ასეთი ტიპის რისკებისგან. გუშინდელ შეხვედრაზეც აღინიშნა, რომ 100%-იანი დაზღვევა არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია ამის უკეთ მართვა და განჭვრეტა. ერთ-ერთი, რაზეც საუბარი იყო გუშინ, ეს არის რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რაც დღეს არცერთ უწყებას არ გააჩნია, მათ შორის, იმათაც, რომელთაც პირდაპირი მანდატი აქვთ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლონ” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, მომავალი სამუშაო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული პრეზიდენტის მიერ აღმოჩნდა შეწყალებული.

შსს-ს ცნობით, 2015 წელს ვ.ბ. დამნაშავედ ცნო სასამართლომ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. იგი ორი წლის შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა, რის შედეგადაც სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს, დატოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com