იპოდრომთან მშენებარე ესტაკადით გამოწვეული პრობლემისთვის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ძველი იპოდრომის მიმდებარედ, ახალი სატრანსპორტო ესტაკადის მშენებლობის გამო უკვე მეორე დღეა საბურთალოს რაიონში საცობია. ამ ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის შესახებ  17 აპრილს გახდა ცნობილი.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები ხუთ თვეში დასრულდება და მასზე 2,7 მლნ ლარი დაიხარჯება.

“ამ დილით გადატვირთული  იყო მოძრაობა, იყო საცობებიც, თუმცა ეს ყველაფერი მოსალოდნელი გახლდათ, რადგან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი კეთდება. ასეთი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების პერიოდში ყოველთვის შეინიშნება ხოლმე გარკვეული შეფერხებები, რისთვისაც თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის. თუმცა, ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ის პროექტი, რომელიც ხორციელდება, საბურთალოს ამ მონაკვეთში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შემდგომში სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობას,” აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ სატრანსპორტო სქემა შეცვალა. ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, მოძრაობა დროებით შეიზღუდება და კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება.

კერძოდ, გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული იქნება მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ – კარტოზიას ქუჩაზე, ხოლო პირდაპირ – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება და ამირეჯიბის გზატკეცილისკენ მობრუნება – შეიზღუდება. სანაცვლოდ, ცინცაძიდან ამირეჯიბის გზატკეცილისა და ბახტრიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომანქანებს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის პირველივე გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევა შეეძლებათ. ყაზბეგის გამზირიდან კარტოზიას ქუჩაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ავტომანქანებისთვის იქნება ნებადართული. კარტოზიას ქუჩაზე შეზღუდვის დაწესების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი – N92 ავტობუსი და N27, N50, N81 და N100 მიკროავტობუსები- თამარაშვილის ქუჩას გაივლიან, ყოფილ იპოდრომთან – ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩაზე შეუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ.

სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ტრანსპორტის სამსახური აკვირდება სამგზავრო მოძრაობის ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში  გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. მათი განცხადებით, ის სატრანსპორტო სქემა, რაც თბილისის მერიამ შეიმუშავა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო.

“საერთოდ, მსგავსი სამუშაოებების წარმოებისას, პირველი რამდენიმე დღე შეინიშნება ნაკადების სხვადასხვა უბნებზე განაწილების დროს გარკვეული პრობლემები, რადგან მძღოლი მიჩვეულია ერთ მარშრუტს და უცებ უნდა გადაჯგუფდეს სხვა მარშრუტზე, რაც, როგორც წესი, ჩვევასთან არის  დაკავშირებული, ეს პირველი რამდენიმე დღე უფრო შეინიშნება ხოლმე. შემდეგ მდგომარეობა უფრო სტაბილურდება,” -აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.