ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიანიჭეს

საქართველოს მთავრობამ ჩარგალში მდებარე ვაჟა–შაველას სახლ–მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიანიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება, ან თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა 2018 წლის 5 აპრილს მიიღო. სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. აქვს ერთფერდა, კრამიტის გადახურვა. სახლს წინა მხარეს ფასადის მთელ სიგრძეზე ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს, რომელიც გვერდებიდან გახსნილია.

ორივე ოთახში ბუხარია მოწყობილი. სახლის იატაკი აგურფენილია. შედარებით მცირე ზომის ოთახი ვაჟას მამის – პავლეს აშენებულია. ამავე ოთახში დაიბადა ვაჟაც. აქვე იყო მისი სამუშაო ოთახიც. მეორე, უფრო დიდი ზომის ოთახი კი ვაჟას დროსაა აშენებული და მისი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. სახლის ერთი ნაწილი ვაჟას მამის – პავლეს აშენებულია, მეორე ნაწილი კი, თავად ვაჟასი. ეზოში დგას საბძელ-გომური,თორნე და წისქვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com