ახალი ამბები

აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავის ძრავი ჰაერში აფეთქდა, არის მსხვერპლი

17 აპრილი, 2018 • 10786
აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავის ძრავი ჰაერში აფეთქდა, არის მსხვერპლი

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამგზავრო თვითმფრინავის ძრავი ჰაერში აფეთქდა, რამაც თვითმფრინავის კორპუსი დააზიანა. ბორტზე ამ დროს 143 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავიაკომპანია Southwest-ის ბოინგ 737, რეისის ნომრით 1380, ნიუ-იორკიდან დალასის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც აფეთქების ხმა გაისმა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძრავის მიერ დაზიანებული კორპუსიდან ერთი ადამიანი ვარდებოდა და მგზავრებმა გადაარჩინეს, თუმცა მან სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ეკიპაჟმა დაზიანებული თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვება ფილადელფიაში შეძლო.

“გარკვეული პერიოდით უკონტროლო სიტუაცია იყო. ჩანდა, თითქოს პილოტს უჭირდა თვითმფრინავის დამორჩილება. გულწრფელად გვეგონა, რომ ვვარდებოდით”, – იხსენებს ტრაგიკულ ინციდენტს ერთ-ერთი მგზავრი CNN-თან საუბრისას. მისი თქმით, თვითმფრინავის ეკიპაჟი მათ აფრთხილებდა, რომ მომზადებულიყვნენ დარტყმისთვის.

“ძალიან მადლობელი ვართ, რომ ახლა ცოცხლები ვართ. მადლობა ღმერთს, მადლობა პილოტებს”, – თქვა გადარჩენილმა მგზავრმა. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მიიღო მსუბუქი დაზიანება.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ აფეთქების ხმიდან ათ წამში ძრავის ნაწილებმა დააზიანა ილუმინატორი და თვითმფრინავის კორპუსი, საიდანაც ჰაერის ძლიერი ტალღა შემოდიოდა.

“ყველა ყვიროდა და კიოდა. როდესაც თვითმფრინავი ეშვებოდა, დაუყონებლივ ვიყიდე ინტერენტი, რომ გარესამყაროსთან რაიმე სახის კონტაქტი მქონოდა”, – იხსენებს შემთხვევას მგზავრი მარტი მარტინესი. მან ავარიულული დაშვებისას ფეისბუკ ლაივი ჩართო.

“რაღაც ცუდი სჭირს ჩვენს თვითმფრინავს. როგორც ჩანს, ვვარდებით. ავარიული დაშვება. Southwest-ის რეისი ნიუ-იორკი – დალასი” – მარტინესმა ამ შინაარსის მოკლე ლაივი გამოაქვეყნა ფეისბუქსზე მას შემდეგ, რაც ინტერენტის შეძენა მოასწრო.

პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლი მალევე აღადგინა და მგზავრებს აცნობა, რომ ფილადელფიაში ეშვებდონენ. შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს ინციდენტის გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი