იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

19 აპრილს, 18:30 საათზე, კამპანია “SOS იპოდრომი” და ორგანიზაცია “იარე ფეხით” მერიის წინ საპროტესტო აქციას გეგმავს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი კახა კალაძის იმ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ცინცაძე-კორტოზიას ქუჩის კვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი (ესტაკადა) უნდა აშენდეს.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ესტაკადის მშენებლობა დღეს დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ნაბიჯის მიღმა არცერთი დასაბუთებული კვლევა არ დგას.

“დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მერმა განაცხადა, რომ ზემოხსენებული პროექტი განხორციელება – მიუხედავად პროექტის წინააღმდეგ მერიაში შეტანილი პეტიციისა (2235 ხელმოწერით) და მიუხედავად სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების და ექსპერტების მიმართვისა.

ქალაქ თბილისის მერი, როგორც წინა საარჩევნო კამპანიისას, ასევე თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, მტკიცედ უგულებელყოფს სამოქალაქო საზოგადოების აზრს. სრულიად უპასუხოდ დარჩა ჩვენი მოთხოვნა შეხვედრაზე ხსენებულ სატრანსპორტო პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენისთვის,” – ნათქვამია აქციის აღწერაში.

ორგანიზატორების განცხადებით, კალაძე, თავისი განცხადებით, თბილისის მცხოვრებლების მხოლოდ ერთი ჯგუფის – მძღოლების ინტერესებს ეხმაურება და მხოლოდ მათ კომფორტზე ზრუნავს.

“იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, კახა კალაძის განცხადება, რომ იგი არ მოერიდება არათუ ხეების გადარგვას, არამედ მოჭრასაც კი, მიგვანიშნებს ძირეულად არასწორი პოლიტიკის გატარებაზე,” – ნათქვამია მათ განცხადებაში.

საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ესტაკადის მშენებლობის შესახებ  დღეს, 17 აპრილს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი  ლარი ეღირება, ხოლო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

თავის განცხადებაში კალაძემ განმარტა, რომ როდესაც ქალაქის საჭიროებებზეა საუბარი, გარკვეულ დათმობებზეა წასვლა საჭირო.

“შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც ეს 50 წლის წინ იყო, როცა დედაქალაქში რამდენიმე მანქანა დადიოდა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, მოძრაობა დროებით შეიზღუდება და კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება. კერძოდ, გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული იქნება მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ – კარტოზიას ქუჩაზე, ხოლო პირდაპირ – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება და ამირეჯიბის გზატკეცილისკენ მობრუნება – შეიზღუდება. სანაცვლოდ, ცინცაძიდან ამირეჯიბის გზატკეცილისა და ბახტრიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომანქანებს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის პირველივე გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევა შეეძლებათ.

გარდა ამისა, ყაზბეგის გამზირიდან კარტოზიას ქუჩაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ავტომანქანებისთვის იქნება ნებადართული. კარტოზიას ქუჩაზე შეზღუდვის დაწესების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი – N92 ავტობუსი და N27, N50, N81 და N100 მიკროავტობუსები- თამარაშვილის ქუჩას გაივლიან, ყოფილ იპოდრომთან – ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩაზე შეუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან