ახალი ამბები

უცნობი გერმანული საბავშვო ბაღი თბილისში

18 აპრილი, 2018 • 6021
უცნობი გერმანული საბავშვო ბაღი თბილისში

“მახსოვს, როგორ კარგად ვისწავლე გერმანული ტანტე ლანდასთან. და ის, რომ ეს პროცესი თამაშთან იყო შერწყმული… ყველაზე კარგად ვინც წაიკითხავდა, მისთვის ტანტეს ჰქონდა ტკბილეულობა”, – გიორგი ზურაბიშვილი.

“მახსოვს ასეთი სავარჯიშო, როცა ვმეცადინეობდით, უცბად [ტანტე ნინა] თავისთვის ჩაილაპარაკებდა: ხვალ ყველამ მოიტანოს ლურჯი ღილი. აბა, ვინ მოიტანდა?”, – ნინო გოგიტიძე.

“ტანტე ლანდასთან ერთად მართლაც არაოროდინარული გარემო იყო.. ლოტო გვქონდა, რომელსაც გერმანულად ეწერა ცხოველები და სხვა რამეები, ამიტომ შეიძლება ისეთი სიტყვები ვიცოდე, რაც წესით უჩვეულოა. ვცეკვავდით კიდეც”, – ნუცა ლელაშვილი.

“ყველაზე წარმატებული ჩემთვის ბოხუმის სამთო მუზეუმთან თანამშრომლობა გამოდგა. აღმოვაჩინეთ საყდრისი – მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროები, ამისთვის მადლობა ფოლკსვაგენის ფონდს და გერმანიის სამეცნიერო ფონდს. 2004 წელს დავიწყეთ ინტერდისციპლინარული, სამეცნიერო და სასწავლო კვლევები საქართველოს და გერმანიას შორის. ბოხუმის რურის უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს საქართველოს არქეოლოგიის შესახებ. გერმანელ სტუდენტებს ვამზადებ საქართველოში სამუშაოდ. ვამზადებ გერმანელ და ქართველ დოქტორანტებს და მაგისტრანტებს. ისე გამოდის, რომ ტანტე ლანდამ განაპირობა მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემმა გერმანულმა ენამ პროფესიაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა”, – ირინა ღამბაშიძე.

“ტანტე  ნინასთან რომ არ მევლო, არ მეცოდინებოდა არცერთი უცხო ენა იმიტომ, რომ ზარმაცი ვარ… გერმანულმა გამიხსნა უამრავი კარი, მაჩვენა უამრავი ქვეყანა. გარდა ამისა, ტანტე ნინასთან ვისწავლეთ, რომ ჩვენ ვართ არა უბრალოდ ქართველი, თბილისელი ბავშვები, არამედ, ვართ დედამიწელები.. ზუსტად ისე მაქვს საქმე, როგორც ვიღაც ბავშვს კანადაში, გერმანიაში ან ახალ ზელანდიაში. ვიწრო ეროვნულობის შეგრძნება არ გვქონდა. ვიცოდი, რომ ეს სამყარო ძალიან დიდი იყო,” – ანა კორძაია–სამადაშვილი.

“ერთ-ერთი უდიდესი, გენიალური ენა ვისწავლე, რომელზეც სრულიად განუმეორებელი ლიტერატურის წაკითხვა შეიძლება. ჩვენი ყოფა ტანტე ნინასთან ამ ქვეყანაში სხვაგან არსად მეორდებოდა. ნამდვილად არის რაღაცები, რაც ტანტე ნინამ არ ჩამიდო და მქონდა, მაგრამ მან განმივითარა და გამიხსნა, ცნობიერში ამომიტანა”, – ნინო ბურდული.

“მახსოვს, აღდგომას კვერცხი შევღებეთ. საბჭოთა პერიოდში არ იყო ეს ამბავი საჯარო. მაგრამ კვერცხს მაინც ვღებავდით. მახსოვს, მათ კვერცხების სხვადასხვა ფერად შეღებვა გვასწავლეს. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, სააღდგომო კურდღლის შესახებაც პირველად ტანტეებისგან გავიგე”, – მანანა პაიჭაძე.

თბილისის გერმანული ბაღების აღზრდილთა ეს მოგონებები ამოკრებილია წიგნიდან  “კალენდულა და ლურჯი ღილი” . 2017 წელს გამოცემული წიგნი მეოცე საუკუნის შუა წლებში თბილისში ბევრისთვის უცნობი გერმანულ საბავშვო ბაღის ისტორიას ეხება. ბაღში ასწავლიდნენ  მე–19 საუკუნეში გერმანიიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები.

2017 წელს თბილისში გერმანელი კოლონისტების დასახლებიდან 200 წლის იუბილე აღნიშნეს. “კალენდულა და ლურჯი ღილი” გერმანულ–ქართული ურთიერთობების საიუბილეო წელს, 2017 წელს გამოიცა.

გერმანული ბაღის ისტორიის ერთ წიგნად გამოცემის იდეა ნინო ლეჟავას, ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორს ეკუთვნის. წიგნზე მასთან ერთად მუშაობდნენ ანა კორძაია–სამადაშვილი, ანა მარგველაშვილი, ნინო ბექიშვილი, ბიძინა რამიშვილი, მაშო სამადაშვილი.  ის შესაძლოა გერმანულადაც თარგმნონ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოფინონ.

თბილისის გერმანული ბაღები. “კალენდულა და ლურჯი ღილი” ეკა წერეთლის არქივი

“კალენდულა და ლურჯი ღილი”  გერმანელი ტანტეების [აღმზრდელების] აღზრდილების ერთგვარი ზეპირი ისტორიებია:

“წარსული არის ის, რაც მეხსიერებაში დარჩება, წარსულიც იმ შინაარსს იძენს, რის გახსენებასაც შევძლებთ და ჩვენს მეხსიერებას სხვებსაც გავუზიარებთ. ის, რისი მოყოლაც ამ წიგნში ვცადეთ, სინამდვილის პირდაპირი ანაბეჭდი ვერ იქნება. მიზანიც სხვა იყო, უფრო ბავშვობაში განცდილის სუბიექტური რეკონსტრუქცია გამოგვივიდა”, – წერს ნინო ლეჟავა წიგნის შესავალში.

წიგნში თავმოყრილი ზეპირი ისტორიები 4 ქალის: ლილი პალის, მის შვილების- ლანდა სანიკიძისა და ნინა გაბაშვილის, ლანდას შვილის, ელისო დიდებულიძის შთამომავლების, მათი მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოგონებებს ეფუძნება. თუმცა ირკვევა, რომ თბილისში სხვა გერმანული ბაღებიც ყოფილა.

გერმანული ბაღის ერთ-ერთი უპირატესობა ის იყო, რომ 4 წლის ასაკიდანვე გერმანულს სწავლობდნენ. როგორც გერმანული ბაღის მოსწავლეები დღეს იხსენებენ, ბაღში წესრიგს ეჩვეოდნენ და პასუხისმგებლობის გრძნობას გამოიმუშავებდნენ.

ლილი პალი

ტანტეების (გერმანულად დეიდას ან აღმზრდელს ნიშნავს) გერმანული ბაღის ისტორიას ლილი პალი იწყებს, რომელიც თბილისში დასახლებული გერმანელების შთამომავალი იყო. პალების ოჯახი აღმაშენებლის გამზირის #35–ში, სამსართულიანი სახლში ცხოვრობდა, სადაც ავეჯის საწარმო და მაღაზია ჰქონდათ მოწყობილი.

ტანტე ლიდას მოწაფეების წვეულება. ბიძინა რამიშვილის არქივი

ლილი პალს თბილისში გერმანელების მიერ დაარსებული რეალური გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. გიმნაზია 1918–25 წლებში ფუნქციონირებდა, რომელიც მანამდე დაარსებული საკვირაო სკოლის ბაზაზე შეიქმნა. ამ სკოლის ისტორიის შესახებაც მოთხრობილია წიგნში “კალენდულა და ლურჯი ღილი”.

ლილი პალმა აღსაზრდელების მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1937 წელს ქმარი ნიკოლოზ დიდებულიძე საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შემოსავლის გარეშე დარჩა.

ლილი პალი გადაურჩა 1937 წლის რეპრესიებს და 1941 წელს გერმანელების მასობრივ გადასახლებას შუა აზიაში, რომელიც 23 580 გერმანელს შეეხო. ოჯახური გადმოცემის მიხედვით, ლილი პალი მისმა ქართულმა გვარმა ისხნა. იმისთვის, რომ მამა, ფრიდრიხ პალი, გადაერჩინა, მას ორი წელი სადარფში მალავდა. ფრიდრიხ პალი 1943 წელს დაიღუპა.

დედის გზა გააგრძელეს მისმა შვილებმაც, ნინა გაბაშვილმა და ლანდა სანიკიძემ. ლანდამ და ნინამ 1960–იანი წლებიდან დაიწყეს მოსწავლეების აყვანა. წიგნში მათი აღსაზრდელეების მოგონებებიცაა თავმოყრილი.

თავდაპირველად, როცა ლილი პალმა პირველი აღსაზრდელები მიიღო, ბაღი აღმაშენებლის 35 ნომერში მდებარეობდა. მოგვიანებით გადასახადი გაიზარდა, ამიტომ ბაღები არალეგალური გახდა, რის გამოც ისინი აღსაზრდელებს სახლში აღარ ამეცადინებდნენ და მოსწავლეები სახლიდან სახლში დადიოდნენ.

სასწავლო პროგრამა 3 წელზე იყო გათვლილი. თავდაპირველად მეცადინეობა ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, ორ ცვლად მიმდინარეობდა. ერთ ჯგუფში 10 ბავშვზე მეტს არ იყვანდნენ.

მოსწავლეების მოგონებებიდან ირკვევა, რომ იმ ოჯახში, სადაც გაკვეთილები ტარდებოდა, ყველას ჰქონდა თავისი სკამი, თავისი ფინჯანი წყლისთვის, ბავშვები შინიდან მიტანილ ჩუსტებს იცვამდნენ. მასწავლებლები ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ბავშვებს თასმები თავად შეეკრათ და გაეხსნათ, რაც მოტორიკის მცირე სავარჯიშოები იყო. მოსწავლეებს ასწავლიდნენ, რომ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ოთახი და სასწავლო ნივთები დაელაგებინათ.

გაკვეთილები სამსაათანხევარი გრძელდებოდა. როცა ტანტეები შეამჩნევდნენ, რომ მოსწვალეები იღლებოდნენ, თამაშს მიმართავდნენ. ყოფილი მოსწავლეები იხსენებენ “სკამობანას” თამაშს, რომლის დროსაც ერთით ნაკლებ სკამს დგამდნენ და ვინც ვერ მოასწრებდა დაჯდომას, თამაშიდან ვარდებოდა;  “გაფუჭებულ ტელეფონს”, რაც სიტყვების დამახსოვრებაში ეხმარებოდა; Blinde Kuh – თვალახვეულ დაჭერობანას; Der Zug – ელმავალს, სადაც ყველა უნდა ჩაბმულიყო და გერმანული სიტყვა ეთქვა.

ჯილდო ტანტე ლანდასგან. წიგნიდან “კალენდულა და ლურჯი ღილი”. ფოტო ერეკლე მაჩაბლის არქივიდან

ტანტეების აღსაზრდელებს წახალისებისთვის ჩეულებრივი კოწახურის კანფეტს ან საფოსტო ბარათებს გადასცემდნენ. მოგონებიდან ჩანს, რომ მასწავლებლები ავალებდნენ მოსწავლეებს ლურჯი ღილის მოტანას, რათა  ყურადღება და პასუხისმგებლობის გრძნობა განევითარებინათ.

ლანდას შვილმა, ალექსანდრე დიდებულიძემ ავტორებს უამბო, რომ გერმანული ბაღი იტალიელი პედაგოგისა და ფილოსოსფოსის, მარია მონტესორის მეთოდს იყენებდნენ. მოსწავლეები იგონებენ, რომ  მასწავლებლები ბავშვებს თამაშ–თამაშით ასწავლიდნენ გერმანულ გრამატიკას.

როგორც მოგონებებიდან ირკვევა, სასწავლო პროცესის ნაწილი იყო დღესასწაულები, შობა და აღდგომა. მასწავლებლებს ჰქონდათ შაბლონები, რომლის მიხედვითაც ბავშვები ხატავდნენ და აფერადებდნენ. ხატავდნენ საშობაო ნაძვის ხეს და მღეროდნენ, ტანტეები კი ბავშვებს საშობაო ნამცხვრით უმასპინძლდებოდნენ.

უკანასკნელი ტანტე, ტანტე ლანდას შვილი ელისო დიდებულიძე, 2005 წელს გარდაიცვალა და ამით დასრულდა თბილისის გერმანული ბაღების ისტორია.

კალენდულა და ლურჯი ღილი

მასალების გადაბეჭდვის წესი