ახალი ამბები

პარლამენტისაგან მშვილდითა და არბალეტით ნადირობის საშუალებას ითხოვენ

17 აპრილი, 2018 • 3620
პარლამენტისაგან მშვილდითა და არბალეტით ნადირობის საშუალებას ითხოვენ

საქართველოს მსროლელთა გაერთიანებამ „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ემსახურება ცივი სასროლო იარაღის (მშვილდითა და არბალეტით) რეგისტრაციის საკითხის მოწესრიგებას და ამ სახეობის იარაღით სპორტული სროლის/ნადირობის ხელშეწყობას.

მსროლელთა გაერთიანების განმარტებით, მშვილდი და არბალეტი არაერთ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება სპორტული/სანადირო მიზნებისთვის, მათ შორის, საქართველოშიც:

“მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი მშვილდოსანია. ბევრ ქვეყანაში მშვილდოსნობა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა და მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. განსაკუთრებულად სწრაფად კი საველე და სამონადირეო მშვილდოსნობის მიმდევართა რიცხვი იზრდება. მშვილდით ნადირობის და თევაზაობის მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისი კანონპროექტის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ახალი სერვისების და დასაქმების წერტილების შექმნას.”

მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება – ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

“უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არ მომხდარა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი ცივი სასროლო იარაღის ბრუნვაზე ნებართვის გამცემი. ასეთ ორგანოს არსებობას არ ითვალისწინებს არც მოქმედი კანონმდებლობა და არც სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. აღნიშნული წარმოადგენს ცალსახად საკანონმდებლო ხარვეზს,” – განმარტავს მსროლელთა გაერთიანება.

საკანონმდებლო წინადადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი იქცა ცივი სასროლო იარაღით სროლის სპორტისა და ნადირობის განვითარებისთვის სერიოზულ ხელშემშლელ ფაქტორად. მათი თქმით, არაერთი სპორტსმენი და მონადირე ვერ ახერხებს ასეთი იარაღის შეძენას და საქართველოში შემოტანას, რადგან არ დაიშვება ასევე ასეთი იარაღის შენახვა და გადატანა სპორტული და სანადირო მიზნებისთვის:

“არაერთ პირს უარი ეთქვა ცივი სასროლო იარაღის საქართველოში შემოტანაზე და მოხდა მათი საზღვარზე ჩამორთმევა. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული ცივი სასროლო იარაღის ბრუნვა და არ არის განსაზღვრული მისი მარეგისტრირებული ორგანო. მოქალაქეთა ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას, რომ შეძლონ საზღვარგარეთ შეძენილი და საქართველოს საზღვარზე გაჩერებული ცივი სასროლო იარაღის გამოტანა/რეგისტრაცია. ცხადია, ამგვარი ვითარების შენარჩუნება განგრძობადად მიაყენებს ზიანს როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე ცივი სასროლო იარაღით სპორტული სროლისა და ნადირობის სახეობის განვითარებას.”

მსროლელთა გაერთიანება აცხადებს, რომ მათთვის ამ პრობლემის გადაჭრის ერთადეღთ გზას წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორება და “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა.

თუ ამ ცვლილებებს პარლამენტი მიიღებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიენიჭება ცივ სასროლ იარღის რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი