ახალი ამბებისამართალი

ლგბტ აქტივისტების თქმით, გენდერულმა საბჭომ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

17 აპრილი, 2018 • 2171
ლგბტ აქტივისტების თქმით, გენდერულმა საბჭომ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში არ არის შესული ლგბტ აქტივისტების მიერ დასმული საკითხები, რასაც აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 17 აპრილს გაიმართა.

გენდერული თანასწორობის საბჭომ დღევანდელ სახდომაზე 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა.

ეს საკითხი სხდომაზე აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ დააყენა. მან ისაუბრა, რომ გენდერულ საბჭოს მათ წინასწარ გაუზიარეს რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებს ეხებოდა, თუმცა სამოქმედო გეგმაში არცერთი არ გაუთვალისწინებიათ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ტრანსგენდერებს აქვთ პრობლემები, რომლებიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუმცას აბჭომ თავის სამოქმედო გეგმაში ეს არ გაითვალისწინა.

“საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებაზე ორიენტირება ამ სამოქმედო გეგმაში საერთოდ არ აისახა. დღეს საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს არ აქვთ ჰორმონალური თერაპიის მიღების შესაძლებლობა, არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გაიკეთონ ქირურგიული ჩარევა, რაც მათი სიცოცხლის გადასარჩენად არის ხშირად საჭირო…  ელემენტარულ, ჰორმონალურ პრეპარატებს ვერ უნიშნავს ექიმი ტრანსგენდერ ადამიანებს. მკურნალობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს და საყოველთაო დაზღვევის პაკეტი ფარავდეს,”- განაცხადა ბოლქვაძემ.

მანვე საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ გეგმაში არ არის გაწრილი აქტივობები იმისთვის, რომ სქესის აღიარების პროცედურა კონვენციის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს:

“იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ უნდა წარმოადგინონ სტერილიზაციის შესახებ ცნობა. სტერილიზაცია კონვენციის მერვე და მესამე მუხლის დამრღვევ პროცედურად არის აღიარებული, როდესაც ადამიანს აიძულებენ რეპროდუქციული ფუნქციის შეწყვეტას იმისთვის, რომ მიიღოს ჩასწორება პირადობის მოწმობაში თავისი გენდერის შესაბამისად,”- განაცხადა ბოლქვაძემ საბჭოს სხდომაზე.

სხდომას ესწრებოდა “თანასწორობის მოძრაობის” დირექტორი ლევან ბერიანიძე, რომელმაც ნეტგზეთთან საუბრისას წუხილი გამოთქვა, რომ საბჭოს არცერთ აქტივობაში არ მოხვდა ლგბტ ადამიანების საჭიროებები:

“ფაქტობროვად, არცერთი ლგბტ საკითხი, მათ შორის, ყველაზე  მწვავედ ტრანსგენდერი ადმიანებისთვის სქესის აღიარების საკითხი საეთოდ არ მოხვდა არცერთ ატივობაში, რაც გეგმით არის გაწერილი… თვლიან, რომ გენდერი ეხება მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობას, ეს ამ საკითხის ძალიან ვიწრო გაგებაა, რაც ძალიან სამწუხარო პროცესია,”- გვეუბნება ლევან ბერიანიძე

“მაინტერესებს, რატომ არ მოხდა ამ საკითხების გათვალისწინება მაშინ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ჩვენ გავაჟღერეთ, მოგაწოდეთ ინფორმაცია. რით იხელმძღვანელეთ მაშინ, როდესაც არ მოხდა ამ ინფორმაციის გათვალისწინება?”-ეს კითვები ნინო ბოლქვაძემ საბჭოს სხდომაზე დასვა, თუმცა მისთვის პასუხი არ გაუციათ.

ნეტგაზეთი შეეცადა, ამ საკითხზე საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის კომენტარი მოეპოვებინა, თუმცა იგი ჟურნალისტებთან არ გაჩერდა და განაცხადა, რომ ეჩქარებოდა.

საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კი გვითხრა, რომ ამ საკითხებზე მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუმცა კითხვაზე, რატომ არ აისახა ლგბტ აქტივისტების მიერ დაყენებული საკითხები, გვეუბნება, რომ იგი ამ მიმართულებით არ მუშაობს:

“კონკრეტულად მაგ მიმართულებაზე მე პირადად არ მიმუშავია, ამიტომ, ვერ გეტყვით. შესაძლოა, ვფიქრობ, რომ კი, ზოგადად, გასაძლიერებელია მაგ მიმარულებით მუშაობა,”- უთხრა ცქიტიშვილმა ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი