ახალი ამბებიეკონომიკა

საავიაციო ნავთის იმპორტი 2018 წლის მარტში გაიზარდა

17 აპრილი, 2018 • 1610
საავიაციო ნავთის იმპორტი 2018 წლის მარტში გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში  10,2 ათასი ტონა საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდა, რაც თებერვლის მაჩვენებელს 6,7 ათასი ტონით აღემატება. მარტში საავიაციო ნავთის ყველაზე დიდი რაოდენობა თურქმენეთიდან (6,5 ათასი ტონა), საბერძნეთიდან (2,5 ათასი ტონა), აზერბაიჯანიდან (0,7 ათასი ტონა) და რუმინეთიდან (0,5 ათასი ტონა) შემოვიდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თანახმად, 2018 წლის სამი თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 15,2 ათასი ტონა, ეს მაჩვენებელი 2017 წლის სამ თვეში განხორციელებულ იმპორტს  40,7%-ით აღემატება. იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საავიაციო ნავთის იმპორტის ზრდა მოხმარების ზრდითაა განპირობებული.

“მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას,” – წერია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

2018 წლის მარტში საქართველოში  სანავთობო ბიტუმის იმპორტიც გაიზარდა. სანავთობო ბიტუმი ძირითადად, გზების მშენებლობისას და ასფალტის დაგებისას გამოიყენება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი თანახმად, 2018 წლის მარტში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 4,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც მიმდინარე წლის თებერვლის მაჩვენებელს 2,9 ათასი ტონით აღემატება. სანავთობო ბიტუმის იმპორტის 91,7% მოდის ირანზე მოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი