ახალი ამბები

მორიგი პროტესტი RMG-ის წინააღმდეგ – ამჯერად, ტანძიის გადასარჩენად

17 აპრილი, 2018 • 4220
მორიგი პროტესტი RMG-ის წინააღმდეგ – ამჯერად, ტანძიის გადასარჩენად

სოფელ ტანძიის მოსახლეობა კომპანია RMG-ის მიერ ოქროს მომპოვებელი ღია კარიერის მოწყობასა და გზის მშენებლობას აპროტესტებს. ბოლო 1 კვირაა ადგილობრივებს სამანქანო გზა გადაკეტილი აქვთ და კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მათ თქმით, სამუშაოები საფრთხეს უქმნის როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ისე ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს, რასაც შესაბამისი კვლევითაც ასაბუთებენ.

კომპანია RMG სოფელ ტანძიასთან, ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი ღია კარიერის მოწყობას თეთრიწყაროს პროექტის ფარგლენბში გეგმავს. ადგილზე მოპოვებულ წიაღისეულს, ამჟამად მშენებარე გზით, საყდრისის ტერიტორიაზე მოწყობილ სამრეწველო მოედანზე გადასამუშავებლად გადაიტანენ. კომპანიის განცხადებით, მანამდე სამრეწველო ობიექტის მშენებლობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ დამატებითი დაბინძურება აიცილონ, პროექტი შეცვალეს.

ტანძიის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კარიერის აშენებამდე, გარემოს ზიანი მიადგა გზის მშენებლობის დროსაც. პროტესტის მონაწილე შავლეგო ქალდანი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ გაიჩეხა ჰექტრობით ტყე, რაც ეკოლოგიურ ვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის. მისივე თქმით, დაცული არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია.

“RMG-ის ამ ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი ღია კარიერის გახსნა და შემდეგ კაზრეთში გადაზიდვა უნდა. აფეთქებები მოხდება, არადა, გარემო ისედაც დაბინძურებულია. რამდენიმე ათეული ჰექტარი უკვე მოჭრილია.

2 კმ-ში ფიტარეთის მონასტერია, 700 მეტრში – ხულუთის ციხე, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს. კარიერიდან 200 მეტრში ახლა აღმოვაჩნეთ ნამონასტრალი.

კომპანიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს, მათი დაჯერება რთულია. ამას წინათ გზაზე მიმდინარეობდა სამუშაოები, იქ, სადაც კარიერის გახსნას აპირებენ და იმხელა აფეთქება მოხდა, გარშემო სოფლები შეაზანზარა. ხომ წარმოგიდგენიათ, ადგილზე რა მოხდებოდა?” – ამბობს შავლეგო ქალდანი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მოჭრილი ხეები ტანძიასთან. ფოტო: ვაჟა ქურდიანი

მისივე თქმით,  ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რასაც მიმდინარე სამუშაოების გამო გრძნობენ, ჰაერის დაბინძურებაა. “მწვანე პოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” კვლევის მიხედვით, აღნიშნული პრობლემა ტანძიასა და სხვა სოფლებში უკვე ფიქსირდება მას შემდეგ, რაც RMG-მ საყდრისში პირველი საწარმოო მოედანი მოაწყო.

“მწვანე პოლიტიკის” დასკვნაც დევს, რომლის მიხედვითაც, კადმიუმის და მაგნიუმის შემცველობამ- როგორც ჰაერში, ისე წყალში- ტანძიაშიც მოიმატა.

კომპანიის წარმომადგენლებთან რამდენჯერმე იყო შეხვედრა. ეს მას შემდეგ, რაც აქციები დავიწყეთ, თორემ მანამდე რომ ამოსულიყვნენ და ხალხს დალაპარაკებოდნენ, მსგავსი რამ არ ყოფილა. გვეუბნებოდნენ, რომ სამუშაოები არაფერს გვავნებს და საზიანო არ არის. ამას გვეუბნებოდნენ ზეპირად, სიტყვაზე გვენდეთო. რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ ამის შემდეგ?”, – განუცხადა შავლეგო ქალდანმა ნეტგაზეთს.

ხეების ჭრის ნებართვა, რომელიც ადგილობრივთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზია, RMG-მ ეროვნულმა სატყეო სააგენტოსგან 2017 წლის 8 მაისს მიიღო. სპეციალური დანიშნულების 11-თვიანი ტყითსარგებლობის უფლების ფარგლებში, მოსაჭრელი რესურსის მარაგი 3 173 კუბურ მეტრს შეადგენდა. აქედან 2 916 კუბური მეტრი უკვე მოიჭრა. სატყეო სააგენტოს ცნობით, კომპანიამ უკვე გადაიხადა კომპენსაცია – 828 602 ლარი, რომელიც მთლიანად ტყის ფონდის აღდგენას მოხმარდება.

სააგენტოს ცნობით, ტყითსარგებლობის უფლების 11 თვის ამოწურვის შემდეგ კომპანიამ სააგენტოს უკვე მიმართა მისი გაგრძელების თხოვნით.

კომპანია RMG-ის, რომელმაც 2014 წელს საყდრისი ააფეთქა, ადგილობრივთა პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნია. კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არც მიმდინარე და არც დაგეგმილი სამუშაოები გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. მათივე თქმით, ადგილობრივებთან არაერთი შეხვედრა შედგა, სადაც პროექტის დეტალები განმარტეს.

“ჩვენი წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. იქ ახლა, რაც მთავარია, არანაირი მოპოვებითი სამჯუშაოები არ მიმდინარეობს. მიდის მხოლოდ გზის მშენებლობის სამუშაოები.

მათი მოთხოვნები მოსმენილი გვაქვს. არის ერთი ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ რადიკალურადაა განწყობილი, არიან ისეთებიც, ვისაც მოვუყევით პროექტის შესახებ და გაგებით ეკიდებიან ამ ყველაფერს. რაც მთავარია, ეს არის შემოვლითი გზა და სოფელში არ გადის. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება არც ახლა და არც მომავალში, როცა მოპოვებითი სამუშაოები დაიწყება”,  – განუცხადა RMG-მ “ნეტგაზეთს”.

“მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” კვლევა, რომელიც ტანძიის პროტესტის მონაწილეებს კომპანიის არგუმენტების საპასუხოდ მოჰყავთ, 2017 წლის ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ბოლნისის რაიონში RMG-ის სამუშაოების დაწყების შემდეგ მავნე ნივთიერებების მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ჰაერში, ისე წყალში.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაჩვენებელი, რომელზეც ავტორები მიუთითებენ, კადმიუმის გავრცელების მაჩვენებელია, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობისთვის საშიშ 12 მძიმე მეტალს შორის და განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა. დადგინდა, რომ დმანისში, განთიადში, ბალიჭსა და კაზრეთში კადმიუმის გავრცელებამ საგრძნობლად იმატა, კაზრეთსა და ბალიჭში კი ზღვრულ ნორმას – 2 მგ/კგ-ს გადააჭარბა.

RMG კვლევის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ მისი გამოქვეყნებისთანავე აყენებდა. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მისთვის უცნობი იყო როგორც კვლევის ჩატარების არეალი, ისე მეთოდოლოგია. აღნიშნულის საპასუხოდ “მწვანე პოლიტიკის პლატფორმა” აღნიშნავდა, რომ  კვლევა რეგლამენტის სრული დაცვით, აპრობირებული მეთოდითა და სპეციალისტების მიერ ჩატარდა. მოგვიანებით კვლევის პრეზენტაციაც შედგა, რომელსაც RMG-ის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

აქციის მონაწილეები ღამით, სამანქანო გზასთან მორიგეობისას.

როგორც RMG-ში აცხადებენ, კარიერის მოწყობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელი შესაბამის დოკუმენტებში აისახება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს გაეგზავნება. მანამდე ტანძიის მოსახლეობის ნაწილი კომპანიის კუთვნილი ტექნიკის სოფელში შეშვებას კვლავ არ აპირებს. ამის გამო მათ სამანქანო გზაზე ღამის მორიგეობაც დააწესეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი