სემინარიის სტუდენტები – პატრიარქის კურთხევით, „აიისას“ წინააღმდეგ აქციას გავმართავთ

თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტებმა ქართული პრეზერვატივის კომპანია „აიისას“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაგეგმეს და აცხადებენ, რომ ამისთვის პირადად პატრიარქისგან მიიღეს კურთხევა. ინფორმაცია ნეტგაზეთს აკადემიის რექტორმა, მღვდელმსახურმა ბესარიონმა და საპატრიარქოს პრესსამსახურმაც დაუდასტურა.

როგორც სემინარიის სტუდენტი, გიგა ძამუკაშვილი აცხადებს, მდუმარე სტუდენტური აქცია ხუთშაბათს, 19 აპრილს, 18:00 სთ-ზე, რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. მისი განცხადებით, სტუდენტები ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას გააპროტესტებენ, კერძოდ:

“მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანების და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას.”

გიგა ძამუკაშვილი დაგეგმილი ღონისძიების მიზნის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორებმა კურთხევა საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესაგან გამოითხოვეს და სწორედ მისი კურთხევის ქვეშ მოქმედებენ.

“აქციის მიზანია, დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომელთა ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილიზმისაგან, ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად. ასევე გვინდა მივმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები, და საკანონმდებლო ხელისუფლებას- მიიღონ სპეციალური კანონი ან ჩაიწეროს მუხლი კანონმდებლობაში ეროვნული და რელიგიური ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფის შესახებ.

კომპანია ,,აიისას“ წარომადგენლები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რელიგიური გრძნობა და მისი შეურაცხყოფა სუბიექტური აღქმის საგანია და მისი კანონმდებლობაში ჩაწერა არასწორია, თუმცა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მორალის დაცვის მიზნით.

მათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მორალიც სუბიექტური აღქმის საგანია, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პატივი და ღირსება. ცალსახაა, რომ ამგვარი მიდგომა არასწორია. აღნიშნული კონვენცია ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია სავალდებულოდ და საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდა საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან მიმართებით. ამიტომ პირდაპირ შეუძლია ხელისუფლებას ისარგებლოს აღნიშნული კონვენციის მე-10 მუხლით და აკრძალოს კომპანია „აიისას“ ის საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მორალს, თუმცა ყოველგვარი გაუგებრობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია გათვალისწინებულ იქნას სპეციალური მუხლი ჩვენს კანონმდებლობაში, უპირატესად კი0 საქართველოს კონსტიტუციაში,” – აცხადებს გიგა ძამუკაშვილი

თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტები მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და საზოგადოების წევრებს, შეუერთდნენ პრეზერვატივის კომპანიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას:

“წინასწარ ვთხოვთ, დაიცვან გამოხატვის ის ფორმა(მდუმარე), რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, ჩვენი სურვილია აქცია ჩატარდეს მშვიდობიანად, ცივილურად, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე. ამ პრინციპების საწინააღმდეგო ყოველგვარი ქმედება დასაგმობი და აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენს მიზნებთან, ამოცანებსა და ხედვასთან.”

  • 20 მარტს საპატრიარქომ “ღვთის გმობის გამოვლინებები” უწოდა პრეზერვატივების კომპანია “აიისას”, ასევე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ იესო ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილის ხეებზე ხუმრობას. საპატრიარქო მოუწოდებს ყველას, რათა დროულად უზრუნველყოს “რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა”.
  • ქართული პრეზერვატივების კომპანია “აიისა” მადლობას უხდის საქართველოს საპატრიარქოს გუშინ გაკეთებული განცხადებისთვის და თანამშრომლობას სთავაზობს ისეთ სოციალურ საკითხებში, როგორებიცაა სექსუალური განათლების პროგრამები, ძალადობა და ვენერიული დაავადებების პრევენცია.
  • აიისა პრეზერვატივების კონცეპტუალური ბრენდი და სადებიუტო 2017 წლის ტოპ სტარტაპია. საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების გარდა, პროდუქტის მომხმარებისთვის მიწოდების მთავარი ფორმა საკუთარი სავაჭრო აპარატებია, წარმოდგენილი 2 ფორმით: Aiisa – Random Revolver განთავსებული მცირე ზომის ობიექტებში (ამ წუთისათვის 14 აპარატი 11 ლოკაციაზე თბილისში და ბათუმში მდებარე ბარებში) Aiisa – Xhzibit ეტაპობრივად განთავსებადი სავაჭრო ცენტრებში, კლუბებში და ტურისტულ ადგილებზე მთელი ქვეყნის მაშტაბით. კომპანიის განცხადებით, პრეზერვატივების დიზაინები და გრაფიკული ნამუშევრები დაცულია მათი ბრენდის საავტორო უფლებების ქვეშ და შექმნილია მხოლოდ აიისას თანამშრომლების და არა რომელიმე სარეკლამო ან კრეატიული სააგენტოს მიერ.
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას განცხადება იესოსა და ივანიშვილის შესახებ, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
  • ჯერ კიდევ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს გაუჩნდა ინიციატივა, რომ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” ცნება კანონში ჩაწერილიყო და ამისთვის სასჯელი დაწესებულიყო. მაშინდელმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ მსგავსი კანონის მიღება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას. კანონპროექტი მაშინ უარყოფითად შეაფასა საერთაშორისო უფლებათაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International-მა. ორგანიზაციის განცხადებით, ჯაჭვლიანის ინიციატივა ძირს უთხრიდა სიტყვის თავისუფლებას. საბოლოოდ, ხელისუფლებას აღნიშნული კანონი არ მიუღია.

აიისას პრეზერვატივების შეფუთვა, რომელიც საპატრიარქოსა და მრევლს არ მოსწონს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.