კალაძე: ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, დღეს ახალი სატრანსპორტო კვანძი მოწყობის სამუშაოები იწყება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, პროექტის განხორციელება დაახლოებით  2 მლნ 700 ათასი  ლარი ეღირება, ხოლო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

“პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს. მსგავსი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი და მათი ურბანული საჭიროებები ქალაქში მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად კითხვებისა, პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ქალაქი ვერ დარჩება ისე, როგორც 50 წლის წინ იყო, როდესაც ქუჩებში მხოლოდ რამდენიმე მანქანა დადიოდა.

“როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების გაცემაზე უარის თქმა, ასევე, ხეების გადარგვა და მოჭრაც, რამაც შეიძლება მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან