“ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის” ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის ,,საქართველოს ეროვნული ერთობა” მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე, სადაც ისინი ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ შესაძლო რასისტულ ქმედებას აფასებენ, გამოძიება დაიწყო. ვიდეოში სამი იარაღი ჩანს.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ვიდეოში ზემოხსენებული გაერთიანების ორი წევრი საუბრობს. მათი თქმით, ყველა გვერდში უნდა დაუდგეს იმ ადამიანებს, ვინც “საკუთარ ტერიტორიას”, ამ შემთხვევაში უბანს, იცავს.

შსს-ში ამბობენ, რომ ზემოხსენებულ პირებს დაკითხვაზე დაიბარებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com