ახალი ამბები

მეტროში ნგრევის, ბარათაშვილზე შუშის ფასადის ჩამოვარდნის საქმეები ჯერ არ გახსნილა

17 აპრილი, 2018 • 1547
მეტროში ნგრევის, ბარათაშვილზე შუშის ფასადის ჩამოვარდნის საქმეები ჯერ არ გახსნილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ  არ დაუსრულებია გამოძიება ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის, ვარკეთილის მეტროს ნგრევისა და აღმაშენებლის გამზირზე ფასადის ნაწილის ჩამოცვენის ფაქტებზე.

ნეტგაზეთმა აღნიშნული ინფორცია შსს-დან გამოითხოვა, ხოლო პასუხი 3 აპრილს მიიღო.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 28 თებერვალს ბარათაშვილის ქუჩის No2-ში მდებარე სს “საქართველოს ელექტრო სისტემის” შენობის გარე ფასადის მინის ჩამოვარდნის შედეგად არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.  გამოძიება 116-ე მუხლით ( სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს, თუმცა, დღემდე საქმე არ გახსნილა.

აღნიშნულ მისამართზე შენობის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად მძიმედ დაშავებული 13 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ 5 ბავშვი.

“ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადეს 28 თებერვალს შსს-ში.

დამნაშავე არ გამოვლენილა ვარკეთილის მეტროში ნგრევის შემდეგაც. 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა, რის გამოც 15 ადამიანი დაშავდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. თუმცა გამოძიება დასრულებული არ არის.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

რაც შეეხება აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ფასადის ნაწილის ჩამოცვენას, გამოძიება არც ამ შემთხვევაში დასრულებულა. შემთხვევა 2017 წლის 12 ივლისს მოხდა, ფასადის ნაწილი გამვლელ გოგოს დაეცა. როგორც სასწრაფომ “ნეტგაზეთს” მაშინ განუცხადა, იგი თავისა და გულმკერდის ტკივილს უჩიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი