ახალი ამბებიკომენტარი

რატომ არ მონაწილეობდა გერმანია სირიის სამხედრო ოპერაციაში

16 აპრილი, 2018 • 3779
რატომ არ მონაწილეობდა გერმანია სირიის სამხედრო ოპერაციაში

აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციამ სირიაში ბაშარ ალ ასადის ძალებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. სამმა ქვეყანამ ის ადგილები დაბობმა, რაც ქიმიური იარაღის წარმოებასთან და შენახვასთანაა დაკავშირებული. ერთობლივ ოპერაციაში არ მონაწილეობდა გერმანია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გერმანიამ და ნიშნავს თუ არა ეს, რომ გერმანია და საფრანგეთის თანამშრომლობა დასუსტდა? 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, განაცხადა, რომ გერმანია არ შეუერთდება სამხედრო ოპერაციას, მაგრამ თავად ოპერაციის ჩატარებას მხარი დაუჭირა. მისივე თქმით, ცხადად უნდა გაიგზავნოს სიგნალი, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არ იქნება შეწყნარებული.

7 აპრილის საღამოს სირიის ქალაქ დუმაზე განხორციელებულ შესაძლო ქიმიურ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 75 ადამიანი შეეწირა. აშშ და მისი მოკავშირეები მომხდარში ასადის მთავრობას ადანაშაულებენ. თავად ასადის რეჟიმი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას უარყოფს და დასავლეთს  ტერორიზმის წახალისებაში ადანაშაულებს. იგივე პოზიცია აქვთ მის მოკავშრე რუსეთსა და ირანს.

“ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანია, როგორც წესი, თავს იკავებს სამხედრო აქტივობებისგან. ქვეყნის გარეთ ჩატარებულ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას პარლამენტის მთავრობის თანხმობა სჭირდება. “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კამპანიაში გერმანიამ არ ჩართო საკუთარი საავიაციო საწვავის გადამზიდი თვითმფრინავი და სადაზვერვო თვითმფრინავები. 

ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის გადაწყვეტილებას, არ ჩაერთოს სამხედრო ოპერაციებაში, თავისი მიზეზები აქვს, თუმცა ეს არ არის დაკავშირებული გერმანია-საფრანგეთის ერთობის დასუსტებასთან, პირიქით, ანდრონიკაშვილი მიიჩნევს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ერთობა ისეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, როგორიც დღესაა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ელისეის სასახლეში 2018 წლის 10 მარტს (c) epa

“ევროკავშირის სიძლიერე დიდწილად გერმანიის და საფრანგეთის მჭიდრო პარტნიორობას ემყარება. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონის გამარჯვებამ და ბრექსიტმა ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახადა. მერკელმა და მაკრონმა შეძლეს გადაელახათ ის წინააღმდეგობებიც, რომლებიც გერმანიას და საფრანგეთს ევროპაში საფინანსო  და ლტოვილების პოლიტიკასთან ჰქონდათ” – ამბობს ანდრონიკაშვილი.

რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც გერმანია სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს, ანდრონიკაშვილის თქმით, ეს გაეროს უშიშროების საბჭოს უკავშირდება, რომელიც სირიის შესახებ რეზოლუციას ვერ იღებს რუსული ვეტოს გამო.

“შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრთა ნაწილის (უმრავლესობის) მეშვეობით.  [საჰაერო შეტევა სირიაში] იყო ლეგიტიმური რეაქცია საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე. შესაბამისად, სარაკეტო დარტყმაში მონაწილეობას მხოლოდ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოები იღებდნენ. გერმანია, რომელიც არაა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ამ სარაკეტო დარტყმაში არ მონაწილეობდა და ვერც გააკეთება ამას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, მათ შორის ნატოს წარმომადგენლები, რომლებიც სარაკეტო დარტყმას მხარს უჭერდნენ”,- ამბობს ანდრონიკაშვილი.

ანდრონიკაშვილის მოსაზრებით, ასადის რეჟიმზე დარტყმას ერაყის ომისდროინდელ სამხედრო კოალიციას ვერ შევადარებთ. მაშინ გერმანიამ და საფრანგეთმა ერთობლივი უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კოალიციაში, რომელიც აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ჩამოაყალიბა. მისი მოსაზრებით, ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც არსებითად ახალია და შეიძლება სამომავლოდ პრეცედენტი შექმნას.

“როგორც ჩანს, ესაა ძალიან მკაფიო გზავნილი რუსეთის მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სირიის ქიმიური იარაღის ქარხნებსა და საწყობებზე სარაკეტო დარტყმას თან სდევს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ნათელი გახდება, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი ნელ-ნელა ცდილობს გამოიმუშაოს მოქმედების გზები იმ პირობებში, როდესაც მაგ. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს  და პარალელურად ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს და, შესაბამისად, ფაქტიურად საერთაშორისო სამართლებრივ მოქმედებას შეუძლებელს ხდის. როგორც ჩანს, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შეთანხმებული მოქმედება რუსეთის მუდმივი ვეტოს “დაძლევის” შესაძლებლობას იძლევა”, – ამბობს ანდრონიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი