ახალი ამბები

ჩუგოშვილი: Freedom House-ის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა

16 აპრილი, 2018 • 1685
ჩუგოშვილი: Freedom House-ის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ Freedom House-ის ანგარიშის მოუკერძოებლობასათან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა:

“ფაქტია, რომ ამ ანგარიშში იყო რამდენიმე ტექნიკური შეცდომა, ხარვეზიც გაპარული, ანუ შეცდომებიც იყო ანგარიშში და ასევე იყო საკითხები, რომელმაც სერიოზული კითხვები გააჩინა. მაგალითად, ის, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი რომ შევადაროთ იმას, რაც იყო 2012 წელს, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. ასე რომ, სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციით გაჩნდა, ბუნებრივია, ამ ანგარიშის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები, მით უმეტეს, რომ შიგნით შეცდომებიც იყო,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიში უმრავლესობის წევრმა არაერთმა დეპუტატმა გააკრიტიკა. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ “ფრიდომ ჰაუსი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს”.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პრო-სახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება

ანგარიშში ასევე საუბარია არაფორმალურ ძალაუფლებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი