პრეზიდენტის შეწყალება და სამინისტროს კომისიის უარი – მხარეთა არგუმენტები

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი იმ დოკუმენტაციაზე საუბრობენ, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის აღმოჩნდა კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობაშია ბრალდებული.

გიორგი მარგველაშვილსა და ზვიად ქორიძეს სასჯელაღრსულების სამინისტროსთან კითხვები აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო შეწყალების კომისიამ მსჯავრდებულის შესახებ უაღრესად დადებითი დასკვნა მაშინ, როცა სასჯელაღსრულებასთან არსებული, პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მიიჩნევდა, რომ ის გათავისუფლებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

როგორც ქორიძე ამბობს, ამ დასკვნების მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული არც დასჯილი ყოფილა და არც წახალისებული. ის იცავდა დაწესებულების დებულებას,  დღის განრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებდა ადმნისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა პატიმრების მიმართ იყო თავაზიან,ი არ იყო კონფლიქტური და აგრესიული.

ქორიძე ამბობს, რომ სოციალური განყოფილების განმარტებით, მას აქვს საშუალო განათლება. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. იგი ხშირად სტუმრობდა დაწესებულების ბიბლიოთეკას, უყვარდა კითხვა, კითხულობდა სხვადასხვა ლიტერატურას, ესწრებოდა დაწესებულებაში გამართული ფილმების ჩვენებებს, ვარჯიშობდა დაწესებულებაში არსებულ ტრენაჟორებზე.

შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე, ბაქრაძეს ჩაუტარდა რამდენიმე ინტერვიუ. ქორიძე განმარტავს, რომ დასკვნის მიხედვით, მსჯავრდებული საშუალო განათლების მქონე იყო, ინტერვიუს პერიოდში – მოწესრიგებული, მშვიდი და გაწონასწორებული. არ ქმნიდა დაწესებულებაში კონფლიქტურ სიტუაციებს:

“გამომუშვებული აქვს დროის მართვის უნარები, კითხულობს ბევრს, აქვს სამუშაო გამოცდილება. აწარმოებს ადეკვატურ კომუნიკაციას. მისი ძირითადი მოტივატორი არის ოჯახი და მასზე ზრუნვა. ავლენს კოგნიტური უნარების ნორმალურ ხარისხს, საკუთარი შესაძლებლობების კონტექსტში ადეკვატურად საუბრობს სამომავლო გეგმებზე. მსჯავრდებული დანაშაულის შეფასებისას ადეკვატურია, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს თავის ქმედებას, ვლინდება პასუხისმგებლობის გრძნობა” – ზვიად ქორიძის თქმით, აღნიშნულ მსჯავრდებულს ფსიქოლოგი სწორედ ამგვარად ახასიათებდა.

ქორიძის განმარტებით, სწორედ ეს დახასიათებები მიიღო შეწყალების კომისიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან. მისი თქმით, მსჯავრდებულს საპატიმრო 2017 წლის 28 დეკემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და  საპატიმრო რამდენიმე თვით ადრე, 2017 წლის 25 მაისს, დატოვა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ 15 აპრილს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ ამ მსჯავრდებულის საკითხს ე.წ. უდოს კომისიაც განიხილავდა, რომელმაც მიიჩნია, რომ პატიმარი არ აკმაყოფილებდა გათავისუფლებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და მას ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი:

„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მსჯავრდებული არ აკმაყოფილებდა გათავისუფლებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევას, პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას და სხვა გარემოებებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა და ვაფასებთ იმ საკითხს, რამდენად არსებობს რისკი იმისა, რომ განმეორებით იქნეს ჩადენილი დანაშაული. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საბჭომ ყველა ჯერზე მიიჩნია, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პირობით ვადამდე გათავისუფლება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო ციხეში და ბოლომდე მოეხადა სასჯელი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეწყალების კომისიის ხელმძღანელის, ზვიად ქორიძის თქმით, კომისიას არ ჰქონია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ე.წ. უდოს კომისიამ მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე რამდენჯერმე უარი უთხრა. ქორიძის თქმით, შეწყალების კომისიას ე.წ. უდოს კომისიასთან შეხება არ აქვს და ისინი მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობენ, რომლის დაქვემდებარებაშიც ე.წ. უდოს კომისიაც შედის:

“პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია მექანიზმია, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებობს.  მას აქვს ყოველთვიურად შეკრება. არსებობს როგორც აღმოსავლეთ საქართველოს კომისია, ისე დასავლეთ საქართვლეოს კომისია, არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულებების მსჯავრდებულთა ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისიები.

ამ კომისიების მუშაობასთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს, ჩვენ ურთიერთობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან გვაქვს, რომელიც გვიგზავნის ამ ფორმით ცნობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ამ დეტალს ვეცნობით, სხვა კომუნიკაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ მოვიდა უარყოფითი დახასიათება, ამას პირდაპირ წერს სასჯელაღსრულების კონკრეტული დაწესებულების ხელმძღვანელობა, რომ მსჯავრდებული ხასიათდება უარყოფითად. ასეთი მსჯავრდებულის საქმეს კომისია არ განიხილავს” – ამბობს ზვიად ქორიძე.

შეწყალების კომისიაში დაინტერესდნენ, რატომ მიიღო კომისიამ სასჯელაღრსულების დაწესებულებიდან მსჯავრდებულის შესახებ დადებითი დასკვნა, 8 თვის შემდეგ კი ე.წ. უდოს კომისიამ უარყოფითი დასკვნა გასცა მის ვადამდე გათავისუფლებაზე.

“როდესაც პრეზიდენტმა მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრა, მას საპატიმრო ვადის მოსახდელად 7 თვე დარჩა და მას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ უკვე ერთი თვის შემდეგ მიემართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის, ოღონდ მიემართა არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვე. იმიტომ, რომ ე.წ. უდოს კომისიის დებულებით ბოლო 6 თვის განმავლობაში მსჯავრდებულს უფლება აქვს ყოველთვიურად მიმართოს ამ კომისიას. ეს ექვსი უარი ნიშნავს იმას, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მან კომისიას 6-ჯერ მიმართა და ყველა ჯერზე ეთქვა უარი. როგორც გუშინ მოვისმინეთ, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას, რაც კითხვებს აჩენს, რატომ ჩვენ არ გვქონდა ეს ინფორმაცია?!” – ამბობს ზვიად ქორიძე.

როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, შეწყალების კომისიასა და ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში იგზავნება იდენტური ტიპის დახასიათებები:

“რაიმე ტიპის დადებით ან უარყოფით დახასიათებაზე, ჩემი აზრით, საუბარი არასწორია, რადგან არანაირი მითითება ან მინიშნება, რომ დაწესებულება უწევდა მსჯავრდებულს რეკომენდაციას შეწყალებაზე ან გათავისუფლებაზე, ვერ დავადასტურებ” – ამბობს დარახველიძე.

მისი თქმით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ გიათვლაისწინა ის, რომ მართალია, მსჯავრდებული საპატიმროში არ ყოფილა დასჯილი, მაგრამ ის არც წაუხალისებიათ, ასევე, დაზარალებულთან დამოკიდებულება და სხვა ფაქტორები:

“დანაშულის ხასიათი, რომელიც მას ჰქონდა ჩადენილი, სხვა დანაშაული, ასევე დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა. კი, გასაგებია, რომ ის დასჯილი არ იყო, მაგრამ არც წახალისებული ყოფილა. ასევე დაზარალებულთან დამოკიდებულება – ეს ფაქტორები იქნა შესწავლილი დეტალურად და ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ იყო მიზანშეწონილი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და მას მოუწია იმ სასჯელის ბოლომდე მოხდა, რაც მას სასამართლოს განაჩენით ჰქონდა განსაზღვრული” – ამბობს დარახველიძე.


13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შსს-მ ბრალდებული, მოკლულის ყოფილი მამინაცვალი – ვ.ბ. 14 აპრილს თელეთში დააკავა.

შსს-ს ცნობით, 2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ ცნო სასამართლომ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. იგი ორი წლის შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა, სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს, დატოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.