ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

16 აპრილი, 2018 • 1608
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ელიზაბეტ რუდის განცხადებით, პორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა და პოტენციალი აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონის განვითარებისთვის.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს და სპეციალური განვითარების ზონას აქვს დიდი მნიშვნელობა და დიდი პოტენციალი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანი რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ორი დიდი ამერიკული კომპანიაა ჩართული ამ პროექტში – SSA Marine და „კონტი ჯგუფი“. ამერიკის მთავრობის სააგენტოების ფართო ჩართულობა პროექტში აჩვენებს მნიშვნელობას, რაც აქვს ამ პროექტს ამერიკისთვის. „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“, „მშვიდობის კორპუსი“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ ჩართულნი არიან ანაკლიის განვითარებაში,“ – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, რომელიც ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, რამდენიმე კომპანიისგან შედგება.  კონსორციუმში ერთიანდებიან”თი-ბი-სი ჰოლდინგი”, ორი ამერიკული კომპანია, SSA Marine და Conti International, აზიური და ბულგარული  კომპანიები. 

ანაკლის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.  ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ანაკლიის პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში, არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონას, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონაა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონისა).

მასალების გადაბეჭდვის წესი