ერევანში აქციაზე დაპირისპირებაა [live]

ერევანში, ბაგრამიანს პროსპექტზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. არიან დაშავებულებიც.

დღეს, 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო.

პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” საბჭოს წევრმა ნიკოლ პაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევანში ერთ-ერთი მთავარი, ბაგრამიანის პროსპექტი გადაკეტა. აქციის მიზანია, რომ ხვალ, 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებმა ვერ შეაღწიონ, შესაბამისად კი, პრემიერ-მინისტრი არ აირჩიონ. აღნიშნულ პოსტზე სომხეთის მმართველმა პარტიამ უკვე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინა.

ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ერევნის დროით, 08:00 საათზე ბაგრამიანის ქუჩაზე ავტობუსის წინ ჩამოჯდა და გზაჯვარედინი გადაკეტა. სომხეთის ეროვნული კრების შენობა [პარლამენტი] აღნიშულ პროსპექტზე მდებარეობს.

პაშინიანის მაგალითს სხვა აქტივისტებმაც მიმართეს და ერევნის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს.

ამ მომენტისთვის ბაგრამიანის პროსპექტზე პოლიცია არავის ატარებს. ერევნის მეტროპოლიტენის აღნიშნულ სადგურზე კი მატარებელი არ ჩერდება. მერიაში აცხადებენ, რომ – ტექნიკური მიზეზების გამო.

აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციის დროს პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უნდა გათავისუფლდეს სარგსიანის “მაფიოზური კანონებისგან” და თანამოაზრეებს შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, “თუ საჭირო გახდება, პრემიერის არჩევის დღეს დეპუტატების სახლებს ალყას შემოარტყამენ და სახლიდან გამოსვლის უფლებას არ მისცემენ”.

როგორც ოპოზიციის ლიდერი ამბობს, სერჟ სარგსიანი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე წარუმატებელი ლიდერი აღმოჩნდა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, რამდენადაც მისი პრეზიდენტობის დროს სომხეთმა 2016 წლის აპრილში ტერიტორიები და მოქალაქეები დაკარგა. პაშინიანმა ასევე ყველა ოპონენტს სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გართიანებისკენ და ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს პრეზიდენტობის ვადა 2018 წლის 9 აპრილს ამოეწურა. სომხეთის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი შვიდი დღის განმავლობაში უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე სერჟ სარგსიანი მოიაზრება. მისი დანიშვნის შემთხვევაში, სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტილოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი