ახალი ამბები

ანა დოლიძე “ქართული ოცნების” ერთი ჯგუფის მიერ მოსამართლეთა დანიშვნებზე გავლენის შესახებ საუბრობს

16 აპრილი, 2018 • 1931
ანა დოლიძე “ქართული ოცნების” ერთი ჯგუფის მიერ მოსამართლეთა დანიშვნებზე გავლენის შესახებ საუბრობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და მამუკა მდინარაძის ნათესავი თინათინ აბრალავა, რაც მოსამართლეების დანიშვნებზე პოლიტიკური ზეგავლენის რისკებს წარმოშობს.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ კანონის შესაბამისად, აბრალავამ თანამდებობა უნდა დატოვოს და ახალი დირექტორი კონკურსის წესით უნდა აირჩიონ.

“მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი, ქალბატონი თინათინ აბრალავა არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, ამავე დროს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძს ნათესავი. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს.

ეს ფაქტი, მჭიდრო ნათესაური კავშირი დეპარტამენტის დირექტორის- ქართული ოცნების ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და თანამდებობის პირებთან, აჩენს ძალიან დიდ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოხდეს პროცესის პოლიტიკური მანიპულირება,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

იგი განმარტავს, რომ ის დეპარტამენტი, რომელსაც აბრალავა ხელმძღვანელობს, მოსამართლეების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს:

“მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტი არის დეპარტამენტი, სადაც გროვდება ყველანაირი ინფორმაცია მოსამართლეთა გადაწყვეტილებების, მათი ქულების, ჩვენ რას ვფიქრობთ, როგორც საბჭოს წევრები მოსამართლეებზე, რას ამბობენ მოსამართლეები გასაუბრებაზე, სად აქვთ სესხი, ყველა ეს ინფორმაცია გროვდება კონკრეტულად ამ თანამდებობის პირის ხელში და მუშავდება. გარდა ამისა, მის ხელშია ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაყრდნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ის ფაქტი, რომ დეპარტამენტის უფროსი არის ქართული ოცნების ორი ლიდერის ახლო ნათესავი, წარმოშობს საშიშროებას, რომ ეს პროცესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა, მოხვდეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესს მეტი კითხვის ნიშნები და ჩრდილი ნამდვილად არ სჭირდება,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

თინათინ აბრალავა მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანებით დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი