ახალი ამბებიგართობასაზოგადოება

17 წელი მასწავლებლად წერა-კითხვის ცოდნის გარეშე

16 აპრილი, 2018 • 2920
17 წელი მასწავლებლად წერა-კითხვის ცოდნის გარეშე

ჯონ კორკორანი ნიუ მექსიკოში გაიზარდა. ჯონი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და, როგორც თვითონ ამბობს, მიუხედავად წერა-კითხვის არცოდნისა, უმაღლესი სკოლა და კოლეჯი დაამთავრა, რის შემდეგაც 17 წელი მასწავლებლად ისე მუშაობდა, რომ მისი საიდუმლოს შესახებ არავის გაუგია.

BBC ჯონის წერილს აქვეყნებს, სადაც ყოფილი მასწავლებელი საკუთარ ისტორიას ყვება:

სკოლის წლები

“ლაპარაკი გვიან დავიწყე და სკოლაში დიდი იმედებით აღსავსე წავედი, რომ ჩემი დების მსგავსად კითხვას ვისწავლიდი. პირველ წელს ყველაფერი კარგად იყო. მასწავლებლები ჩვენგან სწორ ხაზზე დადგომის, დაჯდომის, გაჩუმების და საპირფარეშოში დროულად წასვლის მეტს არაფერს ითხოვდნენ.

მეორე წელს კითხვა უნდა გვესწავლა. თუმცა ჩემთვის ეს ჩინურ გაზეთს ჰგავდა – ვერ ვხვდებოდი, ეს ხაზები რას ნიშნავდა. ექვსი, შვიდი და რვა წლისამ არ ვიცოდი, როგორ მომეგვარებინა ეს პრობლემა.

მახსოვს, ღამღამობით ღმერთს ვთხოვდი, რომ გავიღვიძებდი- კითხვა შემძლებოდა. ხანდახან სინათლესაც ვანთებდი და ვამოწმებდი, სასწაული ხომ არ მოხდა, თუმცა – არა.

მეორე კლასი რომ დავამთავრე, მასწავლებელმა ჩემს მშობლებს უთხრა: “ის გონიერი ბიჭია, ამას შეძლებს”, და მეოთხე კლასში გადამიყვანეს. ასე მოხდა მეხუთე კლასის შემთხვევაშიც.

ყოველდღე სკოლაში წასვლა ომში წასვლას ჰგავდა. საკლასო ოთახი მძულდა, იქ მტრული გარემო იყო და მე თავის გადარჩენის გზა უნდა მეპოვა.

მეშვიდე კლასში უმეტეს დროს დირექტორის კაბინეტში ვატარებდი. სკოლაში ვჩხუბობდი, ქედმაღალი და ბუნტისთავი ვიყავი, რის გამოც სკოლიდან გამრიცხეს. მიუხედავად ამგვარი ქცევისა, შინაგანად თავს ასე არ ვგრძნობდი – ეს არ იყო ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი. მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია და კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი, თუმცა ამას ვერ ვახერხებდი.

მერვე კლასში ჩემი ოჯახის იმედების გაცრუებით დავიღალე და გადავწყვიტე კარგად მოვქცეულიყავი. თუ უმაღლეს სკოლაში კარგად მოიქცევი, იპოვი გზას, როგორ გაარღვიო სისტემა. გადავწყვიტე ამისთვის ყველაფერი გამეკეთებინა.

კოლეჯში სწავლის პერიოდი

მინდოდა სპორტსმენი გავმხდარიყავი – მონაცემებიც მქონდა. მათემატიკურ ამოცანებსაც კარგად ვართმევდი თავს. ფულის დათვლა და გამრავლების ტაბულა სკოლაში მისვლამდე ვიცოდი.

სოციალურიც ვიყავი. ჩემი მაშინდელი შეყვარებული სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. დავალებების შესასრულებლად კი ხალხი მყავდა, უმეტესად გოგოები.

ჩემი სახელის და რამდენიმე სიტყვის დაწერა შემეძლო, თუმცა წინადადებებს ვერ ვწერდი. უმაღლეს სკოლაში მესამეკლასელის წერა-კითხვის უნარებით ვიყავი და ამის შესახებ არავისთვის არასოდეს არაფერი მითქვამს.

გამოცდებზე ტესტებს ვიწერდი ან ჩემს ფურცელს ვინმეს ვაწვდიდი, რომ პასუხები ჩემს ნაცვლად დაეწერა – ამაში გაწაფული ვიყავი. თუმცა, როცა სპორტსმენის გრანტით კოლეჯში მიმიღეს, ყველაფერი გართულდა.

ვფიქრობდი, ღმერთო, ეს როგორ უნდა შევძლო?!

საკლასო დავალებებს პარტნიორთან ერთად ვაკეთებდი, რომელიც მეხმარებოდა. პროფესორები კი ყოველ წელს ერთსა და იმავე ტესტს იყენებდნენ და მათი მოპოვება არც ისე რთული იყო. მიუხედავად ამისა, უფრო კრეატიული მიდგომები მჭირდებოდა.

ერთ გამოცდაზე პროფესორმა კითხვები დაფაზე დაწერა. უკანა მერხთან ვიჯექი, ფანჯარასთან ახლოს და წარმოდგენა არ მქონდა, დაფაზე რა ეწერა.

მეგობარი ფანჯრის მეორე მხარეს მელოდებოდა, ის კოლეჯში საუკეთესო მოსწავლე იყო. ერთი გოგო მოსწონდა და მის გაცნობაში დავეხმარე, ჩემთან ვალში იყო. ტესტების წიგნაკი ფანჯრიდან გადავაწოდე, ჩემს ნაცვლად რომ შეევსო, მე კი მეორე წიგნაკი მქონდა მაისურში დამალული და თავს ისე ვიჭერდი, თითქოს ვწერდი. ვლოცულობდი, ჩემს მეგობარს რვეულის უკან მოწოდება მოეხერხებინა.

კიდევ ერთი გამოცდა მქონდა, რომელიც არ ვიცოდი, როგორ უნდა ჩამებარებინა. ერთ ღამეს პროფესორის კაბინეტს ჩავუარე, ფანჯარა დანით გავაღე, როგორც მძარცველმა. უკვე სტუდენტი კი აღარ ვიყავი, რომელიც გამოცდებს იწერდა – კრიმინალი გავხდი.

ტესტის ძებნა დავიწყე და საქაღალდეების კარადა დავინახე – ტესტი იქ უნდა ყოფილიყო. თუმცა კარადა დაკეტილი იყო.  მეგობრებთან ერთად კარადა კაბინეტიდან გამოვიტანე, მაქანაში ჩავდეთ და კამპუსიდან გავიტანეთ.  საკეტების ოსტატს კოსტუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილი შევხვდი. თავი მოვაჩვენე, თითქოს ახალგაზრდა ბიზნესმენი ვიყავი, რომელიც ლოს ანჯელესში მიდიოდა, საკეტების ოსტატი კი ამ უჯრების გახსნაში ჩემს სამსახურს იხსნიდა. ასეც მოხდა. მან უჯრა გააღო და გასაღები გადმომცა. იქ გამოცდის ტესტის 40 ასლი ინახებოდა. პასუხები სავარაუდოებს შორის იყო ასარჩევი. ერთი ეგზემპლარი ავიღე, რომელიც ჩემს კურსელს შევავსებინე. ტესტი კი უკან, პროფესორის კაბინეტში დავაბრუნე.

ოთახში რომ დავბრუნდი, თავი ვერ შევიკავე და ავტირდი. ალბათ იკითხავთ, დახმარებისთვის რატომ არავის მივმართე. იმიტომ, რომ არ მჯეროდა,  თუ ვინმეს შეეძლო ჩემთვის კითხვა ესწავლებინა. ეს ჩემი საიდუმლო იყო და კოლეჯი ამ საიდუმლოთი დავამთავრე.

მასწალვებლის კარიერა

ჩემი მშობლები და მასწავლებლები მეუბნებოდნენ, რომ თუ კოლეჯის ხარისხს მოვიპოვებდი, უკეთეს სამსახურს ვიშოვიდი, უკეთესად ვიცხოვრებდი და ამის მჯეროდა. ჩემი მოტივაცია იყო, ქაღალდის ეს ნაგლეჯი მომეპოვებინა და ერთ დღესაც, თუნდაც სასწაულის შედეგად, კითხვას ვისწავლიდი.

კოლეჯი რომ დავასრულე, მასწავლებლად სამსახურის შეთავაზება მივიღე. ეს ყველაზე ალოგიკური რამ იყო, ლომების გალიას თავი დავაღწიე და ახლა ისევ იქ ვბრუნდებოდი. ამაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ მასწავლებლად მუშაობა დასამალად კარგი ადგილი იყო. ვინ იფიქრებდა, რომ მასწავლებელმა კითხვა არ იცის.

ბევრ სხვადასხვა რამეს ვასწავლიდი, მათ შორის ფიზკულტურის მწვრთნელი ვიყავი, ვასწავლიდი სოციალურ სწავლებებს და ბეჭდვას. წუთში 65 სიტყვის დაბეჭდვა შემეძლო, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რას ვწერდი. არასოდეს დამიწერია დაფაზე და ჩემს კლასში ვერც დაბეჭდილ ტექსტებს ნახავდით. ფილმებს ვუყურებდით და უამრავ დისკუსიას ვმართავდით.

მოსწავლეებს ვთხოვდი, სახელები ხმამაღლა წარმოეთქვათ. რამდენიმე წარჩინებული მოსწავლე მყავდა დამხმარედ. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩემი საიდუმლოს შესახებ.

ჩემი ყველაზე დიდი შიში ფაკულტეტის შეკრებები იყო, რომელიც კვირაში ერთხელ იმართებოდა. მასწავლებლები სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ, რის შემდეგაც დირექტორი ვინმეს იდეების დაფაზე ჩამოწერას ავალებდა.  იმის შიშში ვცხოვრობდი, რომ ერთ დღესაც მე არ დავესახელებინე. გეგმაც მქონდა, თუ ჩემს სახელს გავიგებდი, ავდგებოდი, რამდენიმე ნაბიჯს გადავდგამდი და ძირს დავეცემოდი, ისინი კი სასწრაფო დახმარებას გამოიძახებდნენ.

ხანდახან ვფიქრობდი, რომ კარგი მასწავლებელი ვიყავი, რადგან ვშრომობდი და რასაც ვაკეთებდი, ჩემთვის სულერთი არ იყო, თუმცა ეს სიმართლე არაა. ჩემი ადგილი საკლასო ოთახში არ იყო. მოსწავლეებს სიმართლის სიყვარულს ვასწავლიდი, თავად კი ყველაზე დიდი მატყუარა ვიყავი საკლასო ოთახში. ეს კი ფიზიკურადაც ცუდად მხდიდა.

“სასწაული”

როცა დავქორწინდი, ეს საიდუმლო ცოლს გავუმხილე. თუმცა მან იფიქრა რომ როცა ვუთხარი, კითხვა არ შემეძლო, ვგულისხმობდი, რომ ბევრს არ ვკითხულობ.

შვილი რომ შეგვეძინა, მე და ჩემი ცოლი რიგრიგობით ვუკითხავდით. თუმცა იმ განსხვავებით, რომ მე ამბებს ან ვიგონებდი, ან ისე ვყვებოდი, როგორც მახსოვდა. ერთხელაც შვილმა მითხრა, რომ ამბავს დედისგან განსხვავებულად ვუკითხავდი.

ჩემმა ცოლმა გაიგონა, როგორ ვცდილობდი საბავშვო წიგნის წაკითხვას და პირველად მაშინ მიხვდა რას ვგულისხმობდი, როცა ვუთხარი, რომ კითხვა არ ვიცოდი. მიუხედავად ამისა, მან ჩემი დახმარება განაგრძო.

უმაღლეს სკოლაში 1961-დან 1978 წლებში ვასწავლიდი. მასწავლებლობისთვის თავის დანებებიდან 8 წლის შემდეგ კი, როგორც იქნა, რაღაც შეიცვალა.

50 წლამდე ვიყავი, როცა გადავწყვიტე დახმარებისთვის მიმემართა. ერთ დღესაც სუპერმარკეტის რიგში ორი ქალის საუბარს მოვკარი ყური. თავიანთ უფროს ძმაზე ლაპარაკობდნენ, რომელიც ბიბლიოთეკაში დადიოდა კითხვის სასწავლად, ისინი ძალიან გახარებულები ჩანდნენ.

ერთხელაც მივედი ბიბლიოთეკაში და ლიტერატურული პროგრამის დირექტორთან შეხვედრა მოვითხოვე. ის მეორე ადამიანი იყო, ვისაც ჩემი საიდუმლო გავანდე.

მოხალისე ტუტორი გამომიყვეს. ის მასწავლებელი არ ყოფილა, თუმცა კითხვა უყვარდა. მან შეძლო და წერა-კითხვა მეექვსეკლასელის დონემდე გამიუმჯობესა, ეს კი სამოთხეში მოხვედრას ჰგავდა.

ამის შემდეგ 7 წელი დამჭირდა, თავი სრულფასოვან ადამიანად მეგრძნო. კითხვის სწავლა რომ დავიწყე, ბევრს ვტიროდი. ეს დიდი ტკივილის და ფრუსტარციის შემცველი პროცესი იყო, თუმცა, როგორც იქნა, ჩემს სულში არსებული ხვრელი ამოვავსე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი