“ოცნებაში” ადასტურებენ კვირიკაშვილ-კობახიძის პირადი მიმოწერის საერთო “ჩათში” გაგზავნის ფაქტს

უმრავლესობის წევრი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” საერთო მიმოწერაში პრემიერ-მინისტრისა და ირაკლი კობახიძის პირადი მიმოწერა მართლაც გაიგზავნა.

როგორც ჭიჭინაძე განმარტავს, გავრცელებულ მიმოწერაში პრემიერ-მინისტრის განცხადების მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო ამოღებული და მისი ინტერპრეტირება მედიის მიერ არასწორად ხდება.

პრემიერმა, უბრალოდ, იმ განცხადებების შესაბამისად, რაც გაკეთდა, მაგის საპასუხოდ მოიწერა, რომ მისი განცხადების ინტერპრეტირება ხდებოდა სხვანაირად. ვადასტურებ, რომ იყო მიმოწერა, თუმაც მას წინ სხვა გზავნილი უძღოდა, რომელიც არ გამჟღავნებულა.

ის წინა გზავნილი იყო მოწოდება ერთობისკენ, ყველა მხარის მიმართ. ამის ინტერპრერტირება მოხდა, და შემდეგ იყო ის გზავნილი, რომ ვიღაცები ნუ ცდილობენ მისი განცხადებების ინტერპრეტირებას,” – განმარტავს ჭიჭინაძე ჟურნალისტებთან.

საქმე ეხება იმ მიმოწერას, რომლის შესახებაც პირველად რუსთავი 2-ის ეთერით გახდა ცნობილი. ტელეარხის ინფორმაციით, პრემიერის წერილი ირაკლი კობახიძისადმი დეპუტატთა საერთო ჩათში გაიგზავნა. კურიერის ინფორმაციითვე, მიმოწერამდე, უმრავლესობის ერთ-ერთ შეხვედრაზე დაპირისიპირება მოხდა, რა დროსაც ირაკლი კობახიძემ პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დეპუტატს და გიორგი კვირიკაშვილმა მას ამ დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

მიმოწერაში გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს ეუბნება, რომ არაერთი შეცდომა იყო დაშვებული და კობახიძემ მისი არცერთი მოსაზრება არ გაითვალისწინა:

“საკითხების მომზადებაში, პროცესის შიდა გამჭვირვალეობაში და დეპუტატებთან კომუნიკაციაშიც დაშვებული იქნა არაერთი შეცდომა, რაშიც არცერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენს მიერ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესებს მოვაწესრიგებთ და ისეთი დონის დეტალიზაციას და ნორმატივიზაციას მოვახდენთ, რომ მომავალში გაუგებრობები აღარ იქნება. მადლობა ყურადღებისთვის” – რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით, ეს არის წერილის ფრაგმენტი, რომლითაც, სავარაუდოდ, კვირიკაშვილმა კობახიძეს მიმართა უმრავლესობის საერთო “ჩატში”.

“რუსთავი 2-ის” ცნობითვე, ამ განცხადების საერთო “ჩატში” ჩაგდებას კობახიძის უკმაყოფილება მოჰყვა და ამასთან დაკავშირებით პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, მაკო ბიგვავას უპასუხა:

“მაკო, ძალიან ცუდია, როცა პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურ მესიჯს წერს არა პირადად, არამედ საერთო ჩათში. კარგი იქნებოდა, ჩათში ჩაგდებამდე საქმის კურსში ჩაგეყენებინე. ასეთ შემთხვევაში ამ უხერხულობას, დარწმუნებული ვარ, ავიცილებდით თავიდან,”- რუსთავი 2-ის ცნობით, სავარაუდოდ, ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ პრემიერს.

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპუტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

გედევან ფოფხაძემ 13 აპრილს განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდიდან წასვლა-არწასვლის შესახებ, უმრავლესობის სხდომის გამართვის შემდეგ მიიღებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან