ახალი ამბები

თალაკვაძის თქმით, ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს პრეზიდენტის შეწყალება აღარ უნდა შეეხოს

15 აპრილი, 2018 • 2052
თალაკვაძის თქმით, ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს პრეზიდენტის შეწყალება აღარ უნდა შეეხოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას 25 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშრებით ამბობს, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, ვინც ამას არ იმსახურებდა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მხრიდან არაჯეროვნად იყო გამოყენებული სამართლებრივი შეღავათები იმ ადამიანის მიმართ, რომელიც, როგორც ჩანს, არ იმსახურებდა ასეთ შეღავათს. თუ გუნდში მსჯელობა იქნება, რომ ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს მომავალში კანონმდებლობით აღარ შეეხოს ასეთი ტიპის შეღავათები, როგორიც ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა, მე აუცილებლად მხარს დავუჭერ. მე პიდადად ვფიქრობ, რომ უმრავლესობის შიგნით ამაზე დისკუსიის ინიცირება მოხდეს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას ორშაბათს, 16 აპრილს გეგმავს.

13 ივნისს თბილისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი მამინაცვალია. შსს-ს ცნობით, ბრალდებული სასჯელს იხდიდა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე, იგი ორი წლის შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა, სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე – 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

კონსტიტუციის მიხედვით, მსჯავრდებულთა შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. შეწყალების წესს პრეზიდენტი ამტკიცებს. შეწყალების კომისიის რეკომენდაციას შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე პრეზიდენტი განიხილავს და სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი