ახალი ამბები

25 წლის ქალის მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს – შსს

15 აპრილი, 2018 • 2659
25 წლის ქალის მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით მკვლელობაში ბრალდებულის ახლობელი თ.ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული თელეთში იმ ადამიანთან იმალებოდა, რომელმაც, მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა.

ეს დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ თავის ახლობელთან – თ.ბ-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს,”- აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი