ახალი ამბები

სამუშაო პირობები მინდელის შახტში – EMC ვიდეოს ავრცელებს

14 აპრილი, 2018 • 2058
სამუშაო პირობები მინდელის შახტში – EMC ვიდეოს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში სამუშაო პირობების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კადრები 2017 წელსაა გდაღებული და ისინი ტყიბულის სამთო-მომპოვებელ კომბინატში დასაქმებულმა მიაწოდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ 2016-2017 წლების ანგარიშებში წერია, რომ შპს საქნახშირის კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში.

ვიდეოში EMC იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით, საწარმოში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა გამოავლინა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ე.წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, დოკუმენტი, რომელსაც EMC ეყრდნობა, მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშებში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება და საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.

მინდელის შახტი

ტყიბულის სამთო-მომპოვებელ კომბინატში დასაქმებულმა EMC-ს მიაწოდა მინდელის შახტში არსებული სამუშაო გარემოს ამსახველი კადრები.

Posted by Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი on Saturday, 14 April 2018

რა მოხდა მინდელის შახტში:

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
საქნახშირი აცხადებს, რომ მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ. საქნახშირში აცხადებდნენ, რომ წინასწარი ვერსიით, ტრაგედია სამთო დარტყმამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია.

მანამდე:

2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.
ამავე დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.
2018 წლის გასულ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო და სამუშაო ადგილებზე 18 დაიღუპა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი