ახალი ამბები

სადღობელაშვილის დედა: ილია II-მ გვითხრა, რომ ბიჭებს ციხიდან დავიხსნით

14 აპრილი, 2018 • 4984
სადღობელაშვილის დედა: ილია II-მ გვითხრა, რომ ბიჭებს  ციხიდან დავიხსნით

ლადო სადღობელაშვილის დედა, თამარ იოვაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ქართული მარშის დაკავებული წევრების დედები ილია მეორეს შეხვდნენ და  სინოდის წევრების ხელმოწერით, სასამართლოზე შუამდგომლობის დაპირება მიიღეს.

თამარ იოვაშვილი ამბობს, რომ პატრიარქმა ე.წ. “ქართული მარშის” წევრების დედები დალოცა და უთხრა, რომ “ბიჭებს ციხიდან დაიხსნიდნენ”:

“მეგობრებო, დედები ვიყავით სტუმრად უწმინდესთან!!! პატრიარქმა ძალიან თბილად მიგვიღო, გაგვამხნევა, მოგვეფერა, გვითხრა, რომ გადავრჩებით და ბიჭებს დავიხსნით ციხიდან…დაგვლოცა…ჩვენი სულიერი მამის თანადგომა ყველაფერზე მეტია! სასწაულია ეს ყველაფერი! საპატრიარქოში დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებიან და აუცილებლად სასამართლოს შუამდგომლობაც იქნება წმინდა სინოდის წევრების ხელმოწერით და ასევე ღია განცხადება გაკეთდება პატრიარქიის სახელით,” – წერს ლადო სადღობელაშვილის დედა. 

“ნეტგაზეთი” საპატრიარქოსთან დაკავშირებას და მათგან ინფორმაციის მიღებას ამ დრომდე ცდილობს.

ე.წ. ქართული მარშის წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი