ახალი ამბები

დაპირისპირების შემდეგ, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება

14 აპრილი, 2018 • 2996
დაპირისპირების შემდეგ, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება

საფეხბურთო მოედანზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ნიგერიელ სტუდენტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ამხანაგური მატჩი გაიმართება.

მატჩშში მონაწილეობას თბილისის მერი, კახა კალაძეც მიიღებს, რომელსაც შეხვედრის მოწყობის ინიციატივა ეკუთვნის. კალაძის თქმით, ფეხბურთელებს, რომლებმაც შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღონ, აშანტაჟებენ და მოუწოდებენ უარი თქვან ამ ინიციატივაზე. თუმცა, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს თამაში შედგება. რა მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ კი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს:

“გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ამ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში. ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ და ეს სამართლებრივი მხარე, რაც არის, გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დადგინოს, რა მოხდა. […] სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც არ უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა” – ამბობს კახა კალაძე.

საფეხბურთო მატჩი დღეს საღამოს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება.


რა მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

წაიკითხეთ, რას ჰყვება ერთ-ერთი სტუდენტი ნეტგაზეთთან საუბრისას:

რას ჰყვება ნიგერიელი სტუდენტი, რომელსაც სტადიონზე თავს დაესხნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი