ახალი ამბები

კახა კალაძე: უმრავლესობას დაშლა და საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება

14 აპრილი, 2018 • 1415
კახა კალაძე: უმრავლესობას დაშლა და საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და დედაქლაქის მერი  კახა კალაძე ამბობს, რომ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება:

“უმრავლესობას დაშლა და საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ჩვენს ირგვლივ შეკრებილნი არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ემსახურება ქართველ ხალხს. შესაბამისად, ჩვენი ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი” – ამბობს კახა კალძე.

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა.

9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპუტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხებზე უნდა იმსჯელონ, ჯერ არ გამართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი