თბილისში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, მოქალაქეები საქართველოში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, მსგავსი პროექტები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს ბუნებრივ გარემოს, ისე კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკურ პოტენციალს. აქციას აქტივისტები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის სვანეთიდან და რაჭიდან უერთდებიან. პარლამენტთან ასევე იმყოფებიან  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,  გარემოსდამცველი ორგანიზაციები და სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრები.

სალომე ცისკარიშვილი ონიდანაა. როგორც ამბობს, რაჭას წარმოადგენს, თუმცა ჰესების მშენებლობის შეჩერებას არა მხოლოდ ამ კუთხეში, არამედ მთელ საქართველოში ითხოვს:

“ისინი შენდება რისკების გაუთვალისწინებლად, არაპროფესიონალურად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტებით. ასე იყო ონის ჰესების კასკადის შემთხვევაში, რომლის გეზეშე იყო ნიმუში, თუ როგორ არ უნდა გაკეთდეს მსგავსი დოკუმენტი. სწორედ ამას ვაპროტესტებთ, რადგან სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რეგიონში მაღალი სიმძლავრის ჰესი ყოველგვარი რისკის შეუფასებლად არ უნდა შენდებოდეს. ამას ვეწინააღმდეგებით ახლაც და შევეწინააღმდეგებით ყოველთვის” – ამბობს სალომე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნებს შორის, ჰესების მშენებლობის შეჩერების გარდა, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება, მწვანე ენერგეტიკის პოლიტიკის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და აგროპროდუქტების გადამუშავების ხელშეწყობაა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, მოქალაქეები საქართველოში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ 14.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, მოქალაქეები საქართველოში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ 14.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციები საქართველოს მასშტაბით ბოლო თვეების მანძილზე პერმანენტულად იმართება. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა სვანეთში შეინიშნება, სადაც ადგილზე მშენებარე “მესტიაჭალა ჰესის” მშენებლობას 17 თემი ეწინააღმდეგება. ბოლო აქციის დროს, ადგილობრივებმა მძიმე ტექნიკას გზა გადაუკეტეს და მშენებარე ჰესამდე მისვლის საშუალება არ მისცეს. მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია მაშინ პროვოკაციის მცდელობაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ “პროცესს მხოლოდ 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ეწინააღმდეგება”.

დათო გულბანის თქმით, აქციაზე არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ,რომ სახელმწიფო მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდეს ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა ენერგეტიკული პროექტები:

“მათ თავი უნდა დაანებონ ჰესომანიურ მიდგომას, რომელიც არანაირად არაა გამართული არც ეკონომიკურად და არც სხვა მიმართულებით. სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ენერგეტიკა გვჭირდება. ჩვენც ცალსახად ვამბობთ, რომ ენერგეტიკა გვჭირდება, თუმცა უნდა დავსვათ კითხვა, რის ფასად. მოვითხოვთ, შემუშავდეს გამართული, ენერგოეფექტური დოკუმენტი და სპეციალისტებთან ერთად შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას.” – ამბობს გულბანი.

პარლამენტის წინ შეკრებილთა განცხადებით, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო ამ მიმართულებით არსებულ პოლიტიკას არ გადახედავს.ადგილობრივების მორიგი აქცია ჭუბერში 21 აპრილს გაიმართება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, მოქალაქეები საქართველოში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ 14.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან