“სარაკეტო დარტყმები შესაბამისი პასუხი იყო ქიმიური იარაღით მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე” – ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები საჭირო და შესაბამისი პასუხი იყო ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე:

“ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი” – ამბობს ჯანელიძე.

აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციამ სირიაში ბაშარ ალ ასადის ძალებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, გენერალ ჯოზეფ დუნფორდის თქმით, საჰაერო თავდასხმების სამიზნე შემდეგი ობიექტები გახდა:

  • დამასკოს სამეცნიერო კვლევის ცენტრი, რომელიც აშშ-ს მტკიცებით, ქიმიური იარაღის წარმოებასთანააა დაკავშირებული.
  • ქალაქ ჰომსის დასავლეთით მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი
  • ქალაქ ჰომსთან ახლოს მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი და სამხედრო კვლევის ცენტრი.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის სამთავრობო ძალებმა არაერთი რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლეს. ტელეკომპანიისვე ცნობით, დაბომბვის შედეგად მხოლოდ დამასკოს კვლევითი ცენტრი დაზიანდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ტელეარხი სამი მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ იუწყება.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ჟურნალისტებს აშშ-ის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურა.

სამხედრო ოპერაციის ვადებზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ საპასუხო ქმედებები გაგრძელდება, სანამ ასადი ქიმიური იარაღის გამოყენებას არ შეწყვეტს, თუმცა დაამატა, რომ “სირიაში ამერიკა უსასრულოდ არ იქნება წარმოდგენილი”.

რაც შეეხება აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობებს, როგორც თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა, ისე გენრალმა დუნფორდმა დაადასტურეს, რომ დარტყმების აღნიშნული ტალღა დასრულებულია.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ქმედებებს რუსული მხარე მწვავედ გამოეხმაურა. აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებაში ვკითხულობთ:

“დაგეგმილი სცენარი განხორციელდა. ჩვენ კვლავ საფრთხეში ვართ. უკვე აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. მათზე სრული პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონსა და პარიზს ეკისრებათ”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.