ახალი ამბები

სირია დაიბომბა: აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო დარტყმები ასადის ძალებზე

14 აპრილი, 2018 • 4445
სირია დაიბომბა: აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო დარტყმები ასადის ძალებზე

აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციამ სირიაში ბაშარ ალ ასადის ძალებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გავეცი ბრძანება, აშშ-ის სამხედრო ძალებმა განახორციელონ წერტილოვანი დარტყმები ქიმიურ იარაღათან დაკავშირებულ ობიექტებზე, რომლებიც დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის ხელთაა”, – აღნიშნა ტრამპმა.

საჰაერო დარტყმების სამიზნე და შედეგები – მხარეთა მონაცემები

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის თქმით, საჰაერო თავდასხმების სამიზნე შემდეგი ობიექტები გახდა:

  • დამასკოს სამეცნიერო კვლევის ცენტრი, რომელიც აშშ-ის მტკიცებით, ქიმიური იარაღის წარმოებასთანააა დაკავშირებული.
  • ქალაქ ჰომსის დასავლეთით მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი
  • ქალაქ ჰომსთან ახლოს მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი და სამხედრო მართვის ცენტრი.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის სამთავრობო ძალებმა არაერთი რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლეს. ტელეკომპანიისვე ცნობით, დაბომბვის შედეგად მხოლოდ დამასკოს კვლევითი ცენტრი დაზიანდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ტელეარხი სამი მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ იუწყება.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ჟურნალისტებს აშშ-ის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურა.

სამხედრო ოპერაციის ვადებზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ საპასუხო ქმედებები გაგრძელდება, სანამ ასადი ქიმიური იარაღის გამოყენებას არ შეწყვეტს, თუმცა დაამატა, რომ “სირიაში ამერიკა უსასრულოდ არ იქნება წარმოდგენილი”.

რაც შეეხება აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობებს, როგორც თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა, ისე გენერალმა დანფორდმა დაადასტურეს, რომ დარტყმების აღნიშნული ტალღა დასრულებულია.

აშშ-ის მოკავშირეებისა და რუსეთის რეაქცია

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ქმედებებს რუსული მხარე მწვავედ გამოეხმაურა. აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებაში ვკითხულობთ:

“დაგეგმილი სცენარი განხორციელდა. ჩვენ კვლავ საფრთხეში ვართ. უკვე აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. მათზე სრული პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონსა და პარიზს ეკისრებათ”.

საჰაერო დარტყმების შემდეგ მალევე განცხადებები  აშშ-ის მოკავშირეებმა გაავრცელეს. ერთ-ერთი პირველი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მოცემულ ვითარებაში სამხედრო ოპერაციის ალტერნატივა არ არსებობდა.

“ეს არ არის ინტერვენცია სამოქალაქო ომი დროს. ეს არც რეჟიმის ცვლილების მცდელობაა. ეს არის შეზღუდული და წერტილოვანი დარტყმა, რომელიც არ გამოიწვევს ვითარების ესკალაციას რეგიონში, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა მეიმ.

ოპერაციაში მონაწილე საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ელისეს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ემანუელ მაკრონის თქმით, მისი ქვეყნის მიერ დაწესებული წითელი ხაზი უკვე გადაიკვეთა.

” ჩვენ ვერ შევურიგდებით ქიმიური იარაღის გამოყენებას, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც სირიელ ხალხს, ისე კოლექტიურ უსაფრთხოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

სირიის ქალაქ დუმაზე განხორციელებულ შესაძლო ქიმიურ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 75 ადამიანი შეეწირა. სირიაში მოქმედი სამოქალაქო და სამედიცინო ორგანიზაციებსი ცნობით, შემთხვევა 7 აპრილის საღამოს მოხდა.


აშშ და მისი მოკავშირეები მომხდარში ასადის მთავრობას ადანაშაულებენ. თავად ასადის რეჟიმი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას უარყოფს და დასავლეთს  ტერორიზმის წახალისებაში ადანაშაულებს. იგივე პოზიცია აქვთ მის მოკავშრე რუსეთსა და ირანს.

7 აპრილს განხორციელებული შესაძლო საჰაერო დარტყმის, სირიის ხელისუფლების პოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის შესახებ ვრცლად, წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი