ახალი ამბები

ფოფხაძე: საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის წევრებთან ერთად მივიღებ

13 აპრილი, 2018 • 2309
ფოფხაძე: საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის წევრებთან ერთად მივიღებ

გედევან ფოფხაძე  ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ამბობს რომ უმრავლესობის დატოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ამას უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტს.

“ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება გუნდის წევრებთან ერთად. თუ გაგრძელდება საუბარი პირობებზე, რომ მე რაღაც პირობით უნდა შევიდე გუნდში, მიმაჩნია, რომ ამ გუნდში ყოფნის ჩემი პირობები იყო ჩემი ბიოგრაფია, ჩემ მიერ გავლილი გზა,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მანვე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ გაკეთებული განცხადება ემოციური იყო:

“მიმაჩნია, ემოციურ ფონზე რომ არ გამეკეთებინა და უფრო მშვიდად გამეკეთებინა, უკეთესი იქნებიდა,”- ამბობს ფოფხაძე.

მანვე განაცხადა, რომ უმრავლესობის საერთო შიდა “ჩატში” არ არის:

“ჩემს შინაგან სიმშვიდეს ამით უზრუნველვყოფ, რომ არ ვარ ჩატებში, საერთოდ. ყველას ჩვენ-ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს კომუნიკაციების ფორმებთან მიმართებით,”- განაცხადა მან.

ამავე გადაცემაში ფოფხაძემ აღნიშნა, რომ სურს უმრავლესობის ფორმატში, მშვიდ ვითარებაში შეიკრიბონ:

“მინდა, შევიკრობოთ უმრავლესობაზე, შევიკრიბოთ მშვიდ ატმოსფეროში და ვილაპარაკოთ იმაზე, ვისაც მიაჩნია, რომ მე არასწორად მოვიქეცი, ის მეტყვის, რატომ მიაჩნია ასე, მე იმას ავუხსნი ჩემი ქმედების მიზეზებს და დავუსაბუთებ ისე, როგორც თქვენ გისაბუთებთ, და შეიძლება ცოტა უფრო მეტიც ვუთხრა, როცა დახურულ ფორმატში ვიქნებით. იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს პირში სათქმელი ალბათ ბოლომდე უნდა ვუთხრათ,”- განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა “პატრიოტთა ალიანსში” გადასვლას, მან არ დააკონკრეტა.

“მე და ირმა ვართ ბორჯომელები და წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს. თუ აქ ადამიანურ ურთუერთობებზე არის საუბარი, ადამიანურად ყოველთვის გვქინდა ურთიერთობა, ოპოზიციაშიც კი არა, სკოლაშიც რომ ვსწავლობდით, მაშინაც… მე ადამიანური სიმპათია ვიგრძენი ამ ხალხისგან და ამ სიმპათიის გამო ვერ ვუსაყვედურებ, რატომ გაქვს ჩემ მიმართ სიმპათია-თქო. პოლიტიკურ პერსპექტივაზე ახლა საუბარი თუ გვინდა, ყველამ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა  სარგებელი შეგვიძლია მოვუტანოთ ამ ქვეყანას, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა”

მანვე განაცხადა, რომ კატეგორიულ განცხადებებს არ გააკეთებს:

“ყველანი ღვთის შვილები ვართ, ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაზე რაღაც უფრო დიდი ძალაა, ვიდრე ჩვენ. რატომ უნდა დავიწყო რაღაც კატეგორიული განცხადებების გაკეთება? მე უკვე იმასაც ვდარდობ, რომ ის კატეგორული ტონი მქონდა ერთი კვირის წინ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ამ შემთხვევაში, ვისთან ერთადაც მე მიბრძოლია, თავის თავზე მიიღო ეს ყველაფერი და ჩათვალა, რომ გედი, შენ რომ წასვლა გინდა, მე მკრავ ხელს? ჩემთან აღარ გინდა ყოფნა?” – აღნიშნა ფოფხაძემ.


“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპუტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხებზე უნდა იმსჯელონ, ჯერ არ გამართულა

მასალების გადაბეჭდვის წესი