ეკვადორიდან გატაცებული ჟურნალისტები, დიდი ალბათობით, მოკლეს – პრეზიდენტი

ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ შეიარაღებულ დაჯგფებას 12 საათი მისცა, რათა მათ წარმოადგინონ გატაცებული ჟურნალისტების სიცოცხლის დამადასტურებელი მტკიცებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციით იმუქრება.

ეკვადორული გაზეთ EL Comercio-ს რეპორტიორი ხავიერ ორტეგა, ფოტოგრაფი პოლ რივასი და მძღოლი ეფრაინ სეგარა ნარკოტიკებით მოვაჭრე შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 26 მარტს, კოლუმბია-ეკვადორის საზღვრის სიახლოვეს გაიტაცა და კოლუმბიის ტერიტორიაზე გადაიყვანა. აღნიშნული დაჯგუფება ძირითადად ნარკოტიკებით ვაჭრობს და თავს კოლუმბია-ეკვადორის მიმდებარე ტყეებს აფარებს.

რამდენიმე საათის წინ კოლუმბიურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს სამი გარდაცვლილი კაცის ფოტო, რომლებიც, დიდი ალბათობით, სწორედ გატაცებული ეკვადორელი ჟურნალისტები არიან. იმავეს ამბობს ეკვადორის პრეზიდენტიც, თუმცა გამტაცებლებს დრო მაინც მისცა.

ეკვადორელი ჟურნალისტებისა და მათი მძღოლის ტყვეობისას გადაღებული ფოტო, რომელიც გამტაცებლებმა გაავრცელეს.

როგორც ნეტგაზეთს ეკვადორელმა ჟურნალისტმა მარიეტა ვილასისმა განუცხადა, გატაცებული ჟურნალისტები მისი მეგობრები არიან და დიდი ალბათობით, ისინი მოკლეს. ვილასისის თქმით, ჟურნალისტების გატაცებამ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. პროფესიული გაერთიანებები ეკვადორის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

მარიეტა ვილასისმა ნეტგაზეთს ასევე უთხრა, რომ გამტაცებლებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: 1. დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლება ეკვადორის ციხიდან; 2. კოლუმბია-ეკვადორის საზღვარზე ნარკოტიკების ტრანზიტისთვის თავისუფალი გზის მიცემა და 3. კოლუმბია-ეკვადორის შეთანხმების გაუქმება, რომელიც ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლას გულისხმობს და პრობლემებს უქმნის შეიარაღებული დაჯგუფებების თავისუფალ საქმიანობას.

ეკვადორი კოლუმბიური ნარკოტიკის ტრანზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. კოლუმბიელ ნარკოდილერები ქვეყნიდან ნარკოტიკის გატანას, არცთუ იშვიათად, სწორედ ეკვადორის გავლით ამჯობინებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.