ახალი ამბები

“რობოტი ლაბორანტის” შემქმნელი გოგოები NASA-ში გაემგზავრებიან

13 აპრილი, 2018 • 1543
“რობოტი ლაბორანტის” შემქმნელი გოგოები NASA-ში გაემგზავრებიან

ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული პროექტის “რობოტი ლაბორანტი” ავტორი გოგოები აშშ-ში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი “რობოტი ლაბორანტი” გავიდა.

პროექტში პირველ ადგილზე გასული გუნდის გარდა, ასევე გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც. მეორე ადგილი ვანის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს. მათ მეხანძრის სპეციალური ტანსაცმელი გამოიგონეს.

მესამე საპრიზო ადგილი ასევე გიმნაზია AIA GESS-ს მოსწავლეებმა მოიპოვეს. მათ ჰაერის დამასუფთავებელი გამოგონება წარუდგინეს ჟიურის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენაზე მონაწილეობას მე-8 – მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ: ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულის და თბილისის სკოლებიდან,  რომლებმაც სტუმრებისა და დამთვალიერებლების წინაშე საკუთარი ინოვაციური გამოგონებები და პროექტები წარადგინეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე რამოდენიმე წელია ტარდება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2014 წლიდან ტარდება და საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანთანამშრომლობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი