ახალი ამბები

ახალი ზელანდია ნავთობის მოსაპოვებლად ნებართვების გაცემას კრძალავს

13 აპრილი, 2018 • 2327
ახალი ზელანდია ნავთობის მოსაპოვებლად ნებართვების გაცემას კრძალავს

ახალი ზელანდიის მთავარობა აღარ გასცემს ნებართვებს ოკეანის ფსკერზე ნავთობის მოსაპოვებლად, რაც ნახშირბადის შემცირებას ისახავს მიზნად.

როგორც BBC წერს, ამ განცხადებას კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე ჯგუფები მიესალმნენ, ხოლო ინდუსტრიის წარმომადგენლები აკრძალვას ხმამაღლა ეწინააღმდეგებოდნენ.

პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მომავალ თაობებს კლიმატის ცვლილებისგან დაიცავს.

“გარდიანის” ცნობით, აკრძალვა მომავალში გასაცემ ნებართვებს შეეხება. ახალი რეგულაცია არ იმოქმედებს უკვე გაცემულ 22 ნებართვაზე, რომელთაგან, ზოგიერთს კიდევ ათწლეულები აქვს დარჩენილი 100 000 კვადრტული კილომეტრის ფართობის გამოსაკვლევად.

ორგანიზაცია “Greenpeace New Zealand”-ის აღმასრულებელი დირექტორი რასელ ნორმანი პრემიერ-მინისტრის განცხადებას “ისტორიულ მომენტს” და “ჩვენი კლიმატისა და ხალხის ძალაუფლებისთვის დიდ გამარჯვებას” უწოდებს.

“ეს განცხადება საერთაშორისო მასშტაბითაც მნიშვნელოვანია… ახალი ზელანდია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ინდუსტრიას დაუპირისპირდა,”- განაცხადა რასელ ნორმანმა.

ოპოზიციამ მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, “ეკონომიკური ვანდალიზმი” უწოდა და განაცხადა, რომ ეს გარემოს დაცვის მიზანს არ ემსახურება.

“ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს იმ ინდუსტრიის დაშლას, რომელიც 8 000 მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ქმნის და ეკონომიკაში $2.5 მილიარდი შეაქვს. ეს საღ აზრს მოკლებულია, კლიმატის ცვლილებასთან კი საერთო არაფერი აქვს. ამ აკრძალვის გამო წარმოება მსოფლიოს სხვა ადგილას გადაინაცვლებს, მავნე აირების ემისიას კი არ შეამცირებს,”- განაცხადა ნაციონალების პარტიის წარმომადგენელმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი