ახალი ამბები

თბილისი-სტამბოლის რეისზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

13 აპრილი, 2018 • 2282
თბილისი-სტამბოლის რეისზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

თბილისი-სტამბოლის რეისზე, ავიაკომპანია “პეგასუსის” თვითმფრინავში, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება,  კაცი შეუძლოდ თვითმფრინავის დაძვრიდან მალევე გახდა. ამ დროს თვითმფრინავი ჯერ კიდევ ასაფრენ ბილიკზე იყო:

“რეისზე ჩასხდომა გვიან დაიწყო, დაახლოებით დილის 04:10 წუთზე. შესაბამისად, დააგვიანა აფრენამ და საკმაოდ დიდხანს ვისხედით თვითმფრინავში, ვენტილაცია მუშაობდა, თუმცა სუნთქვა ჭირდა.  თვითმფინავი დაიძრა 04:50-ზე.  ვიღაცამ იყვირა, რომ ადამიანი ცუდად გახდაო და რამდენიმე ქალმა ისტერიულად, ერთმანეთის მიყოლებით იკივლა, ექიმი ხომ არ არის ბორტზეო? არავინ იყო. სტიუარდესები პანიკური სახეებით ფოჩიალობდნენ, ჟანგბადის ბალონის მომართვა სცადეს, მომენტალურად გადაწყდა უკან დაბრუნების საკითხი და თვითმფრინავი საწყის ლოკაციას დაუბრუნდა” – იხსენებს თამარ მირიანაშვილი, რომელიც ამ რეისით მგზავრობდა. 

მისი თქმით, მას შემდეგ თვითმფრინავი საწყის მდებარეობას დაუბრუნდა, ბორტზე ჯერ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამოვიდნენ, დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ კი ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი მივიდა და პირველადი დახმარების აღმოჩენას შეეცადა:

“სასწრაფოს გამოძახებული ეკიპაჟი მოვიდა დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ. შემდეგ დააფიქსირეს გარდაცვალების ფაქტი და ინციდენტიდან მოშორებით, თვითფრინავის უკანა ნაწილში მყოფი ხალხი აბუნტდა, თქვენ მოკალითო. ინციდენტთან უფრო ახლოს მყოფები, წინა რიგები, ამბობდნენ- ადგილზე გათავდაო, მოწყდაო, უკანები არ უჯერებდნენ, იყო წიოკი, ზოგი პროტესტის ნიშნად ჩავიდა ქვემოთ, არ დაიძრას თვითმფრინავიო, გარდაცვლილის გვერდით მსხდომები ჩაიყვანეს დაკითხვაზე” – ფეისბუკის პირად გვერდზე წერს თამარ მირიანაშვილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დაღუპული, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი