ახალი ამბები

აქცია ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოთხოვნით

30 ოქტომბერი, 2013 • • 965
აქცია ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოთხოვნით

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი უფუნქციოდ რჩება და ინვესტიციებსაც არავინ დააბანდებს.

 

“თუ მაინც მიიღეს ის გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნება ჰქვია, ეს იქნება ძალიან მძიმე განაჩენი ქუთაისისთვის. პრაქტიკულად, ქალაქი რჩება უფუნქციოდ, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ვინმემ ერთი პირობა მაინც გვითხრას, რატომ უნდა დააბანდოს ინვესტორმა ამ ქალაქში ფული? მიგრაცია და უმუშევრობა ისევ ისე გაგრძელდება. ეს არის ძალიან არასწორი პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს და მე გული მწყდება, როდესაც ვხედავთ, როგორ კვდება ჩვენი ქალაქი,” – ამბობა მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე.

აქცია პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით
აქცია პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით

 

დღევანდელ აქციაში იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამირან ძოწენიძეც მონაწილეობდა. ძოწენიძე მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტის გადატანის საკითხი მუდმივად იდგება დღის წესრიგში, ქუთაისი ვერ განვითარდება:

 

“ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ მორჩეს სპეკულაციები პარლამენტის თემასთან დაკავშირებით. დარჩეს პარლამენტი ქუთაისში და საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან ეს საკითხი, იმიტომ, რომ ქუთაისს განვითარებას მყარი საფუძველი არ ჩაეყრება მანამ, სანამ დღის წესრიგიდან არ მოიხსნება პარლამენტის გადატანის საკითხი. შეიძლება პარლამენტი წლები იყოს ქუთაისში, მაგრამ თუ მუდმივად იდგება გადატანის საკითხი დღის წესრიგში, არცერთი ჭკუათმყოფელი ბიზნესმენი პარლამენტთან და ამ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ინვესტიციას არ განახორციელებს, მათ ჭირდებათ მყარი გარანტიები, რომ პარლამენტი ქუთაისში იქნება. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ეფექტი პარლამენტმა მიიღოს.”

 

კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღების საკითხს, რომლის თანახმად პარლამენტი მხოლოდ ქუთაისში იკრიბება, დეპუტატები ხვალ განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი