საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas იწყებს. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • დამამი-თბილისი-დამამი – 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი);
  • ჯედა-თბილისი-ჯედა – 2 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა);
  • რიადი-თბილისი-რიადი – 3 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა)

ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Flynas-ს რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 13 აპრილს, მიენიჭა.

Flynas 2007 წელს დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც კვირაში ათასამდე რეგულარულ რეისს, 53 საერთაშორისო და 17 ადგილობრივ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.